როგორ მოახდენს პოლიცია ხმაურის კანონის შესაბამისად სამართალდარღვევაზე რეაგირებას

საპატრულო პოლიცია იმ ქმედებებს განმარტავს, თუ როგორ მოახდენს პოლიცია ხმაურის კანონის შესაბამისად სამართალდარღვევაზე რეაგირებას.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გრიგოლ შაბურიშვილმა განაცხადა, შესაბამის გამოძახებაზე ის საპატრულო ეკიპაჟი გავა, რომელიც შესაბამისი ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი და ხმაურის დონის გაზომვის შემდეგ დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის სამართალდარღვევას.

„საპატრულო პოლიციის რეაგირების ინსტრუქტაჟი გაწერილია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. პატრულ-ინსპექტორები აღნიშნული ინსტრუქტაჟით მოქმედებენ. სამართალდარღვევაზე რეაგირება გამოძახების შემდეგ მოხდება. შესაბამისი ხელსაწყოთი აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდება ადგილზე, უნდა მოხდეს ხმაურის დონის გაზომვა. დაფიქსირებული მონაცემის შედარება მოხდება უკვე არსებულ ცხრილთან. ამ ქმედებების შედეგად დადგინდება გვაქვს თუ არა სამართალდარღვევა სახეზე“, - განაცხადა შაბურიშვილმა.

მისივე თქმით, ხმაურის დონის გამზომი მოწყობილობებით, ყველა საპატრულო ეკიპაჟის აღჭურვის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

„ყველა საპატრულო ეკიპაჟი არ არის აღჭურვილი ამ ხელსაწყოთი და დღევანდელ დღეს ამის საჭიროებაც არ დგას. თუმცა არის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რათა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოვახდინოთ. პირველ შემთხვევაზე მოხდება გაფრთხილება, წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება“, - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ.