„რეზონანსი" - ხორბლის მოსავლის დიდი ნაწილი კვების მრეწველობას მოხმარდება

წელს ალოობა მალე დასრულდება. მოსავლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით უკეთესია.

დიდ ნაკვეთებზე, საშუალოდ, 3-დან 4-ტონამდე ხორბალია აღებული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 1 ტონა სასურსათო ხორბლის ფასი 420 ლარია, რაც შარშანდლისგან განსხვავებით კარგ ფასად მიიჩნევა. ფერმერების ინფორმაციით, ხარისხის პრობლემა წელსაც შეიმჩნევა, თუმცა ამ მხრივაც გაცილებით გაუმჯობესებულია ვითარება და მოსავლის უმეტესი ნაწილი კვებით მრეწველობას მოხმარდება.

ამ ეტაპზე კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ალოობა ორივე რეგიონში ერთდროულად, ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასზე ამახვილებს ყურადღებას ფერმერი გიორგი ნატროშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ სეზონის დასრულებამდე მდგომარეობა გამოსწორდება. მისი თქმით, საჭიროა მცირეოდენი ხარვეზიც კი დროულად აღმოიფხვრას და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

"მოსავლის აღება ჯერ დასრულებული არ არის. იგი ჯიშობრივად უნდა დააბინავო და ჯერ დრო სჭირდება. მიუხედავად დატვირთული მუშაობისა და მოსავლის მეტ-ნაკლებად ნორმალური რაოდენობისა, ფასით ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ, თუმცა რთული მდგომარეობა ნამდვილად არ არის, შარშანდელზე კარგი სიტუაციაა. უკეთესი იქნება, თუ ფასი დაბალანსდება", - განუცხადა "რეზონანსს" ნატროშვილმა.

ხორბლის მოსავლის აღება ჯერ სრულად არ დასრულებულა, თუმცა ვითარება შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთესია, - ამბობს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა. მისი თქმით, აღებული ხორბალი საკვებად ვარგისია და ფასიც სრულიად დამაკმაყოფილებელია, ღირებულება კი ყალიბდება იმპორტირებული ხორბლის შესაბამის ხარისხთან მიმართებით.

"სეზონი ჯერ ყველა რეგიონში არ დასრულებულა. აგვისტოს ბოლოს სრული სურათი გვექნება. ზუსტი სტატისტიკა, რამდენია მოსავალი, ჯერ კიდვ არ არსებობს. ფერმერებს არ აქვთ ვალდებულება, ეს ინფორმაცია ჩააბარონ სტატისტიკის დეპარტამენტს, თუმცა, ზოგადად, მოსავალი მაღალია. შესყიდვის ფასი სასურსათო ხორბალზე არის ტონაზე 420 ლარი, რაც საკმაოდ ნორმალურია, შარშან უფრო ნაკლები იყო. საშუალოდ, მოსავალი 1 ჰა-ზე 3 ტონამდეა.

ფასი ყალიბდება იმპორტირებული ხორბლის შესაბამის ხარისხთან მიმართებით. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ იმპორტზე. მსოფლიოშიც მოსავალი საკმაოდ დიდია და წელს სტაბილური ფასი იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგავამ.

ალბერტ ცერელაშვილი კახეთის მკვიდრია და აქტიურადაა ჩართული მოსავლის აღების პროცესში. მისი თქმით, მოსავლის უმეტესი რაოდენობა კვებით მრეწველობას მოხმარდება.

"მოსავლის აღება ჯერ ისევ მიმდინარეობს. კერძო ნაკვეთები (შედარებით დიდ ნაკვეთზეა საუბარი) უკვე მომკეს. ვერ ვიტყვით, რომ მოსავლით ვინმე უკმყოფილოა. უარესი შედეგებიც გვინახავს და წელს ნამდვილად უკეთესობაა. ხარისხის პრობლემა ახლაც შეიმჩნევა, თუმცა ამ მხრივაც გაუმჯობესებაა. შეიძლებოდა, გართულებულიყო მდგომარეობა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის. მთლიანი მოსავლის უმეტესი ნაწილი კვებით მრეწველობას მოხმარდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ცერელაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"