სააკაძის მოედანზე დამატებით პარკირების  60 ადგილი მოეწყობა

სააკაძის მოედანს 60 ერთეული პარკირების ადგილი ემატება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პეკინზე ველობილიკის მოწყობისა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.

„სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე - პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე Bus lane-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი“,- მამუკა მუმლაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.