GEM Fest-ზე დასაქმებულები კუთვნილი ანაზღაურების მიღებისთვის ფესტივალის ადმინისტრაციას ვადას 18 აგვისტომდე აძლევენ

GEM Fest - ზე დასაქმებული პირები აპირებენ კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლოს სასამართლოს სარჩელით მიმართონ. აღნიშნულ პირებს იურიდიულ დახმარებას საია გაუწევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას განცხადებით,  იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის პარასკევამდე, 18 აგვისტომდე მოხდება შეთანხმება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება, ფესტივალზე დასაქმებული პირები სარჩელს აღარ შეიტანენ.

”დაახლოებით 42 თანამშრომელია, რომელიც GEM Fest -ის დაწყების დღიდანვე დასაქმებული იყო ფესტივალზე და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, GEM Fest -ის ადმინისტრაციამ დასაქმებულები სახლში ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გაუშვა, სანამ ფესტივალი დასრულდებოდა, თან ისე, რომ თანხა არ გადაუხდია. ბოლოს, როდესაც ეს ფესტივალი დასრულდა, არცერთი მათგანისთვის თანხა არ გადაუხდია. მხოლოდ რამდენიმე პირი იყო, რომელთაც გადაუხადეს 1000 ლარი და უთხრეს, რომ დანარჩენ თანხასაც გადაუხდიდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ეს თანხა არავინ გადაუხადა.

როდესაც ჩვენ მოგვმართეს, თან მოიტანეს ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულია თუ რა ევალებათ მხარეებს, ასევე მოცემულია ხელშეკრულების შესრულების ვადა და ის თანხა, თუ რამდენი უნდა გადაეხადა დამქირავებელს. ხელშეკრულებაზე არის გიორგი სიგუას ხელმოწერა ბეჭდით დამოწმებული.

რეალურად მხარეებს შორის ხელშეკრულება შემდგარია. მოცემულ შემთხვევაში თუკი ადმინისტრაცია არ გადაიხდის დავალიანებას, ეს პირები მიმართავენ სასამართლოს და დაიწყება დავა. თუ თანხის ანაზღაურება მოხდება, ეს პირები სარჩელს ბუნებრივია უკან გამოიტანენ. თუ „ჯემ ფესტის“ ადმინისტრაცია გამოიჩენს ინიციატივას და მოლაპარაკებას დაიწყებს, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. თუკი პარასკევამდე გადაიხდიან დავალიანებას, მაშინ სარჩელს აღარ შეიტანენ დასაქმებულები”, - განაცხადა საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.