ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებას და ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისებას აგრძელებს

ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებას და ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისებას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 აგვისტოს N120/04 ბრძანებით ცვლილებები შევიდა ბაზელ III ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ" დებულებაში. ასევე განახლებული სახით დამტკიცდა "კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი".

„ბაზელ III ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულების ძირითადი ცვლილება უკავშირდება საცალო მოთხოვნების კლასში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტის 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ზრდას. აღნიშნული ლიმიტის ზრდა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაცემული სესხები ჩაირთონ საცალო მოთხოვნების კლასში, რაც აღნიშნულ სესხებზე დაკრედიტების საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქებას ნიშნავს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტის დაფინანსების ხელმისაწვდომობას. კაპიტალის ადეკვატურობის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ასევე მოიცავს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტების საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მინიმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, არსებული მინიმალური მოთხოვნა 250,000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება მომხმარებელთა და ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ისახავს მიზნად.

განახლებულ "კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში" ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის, განისაზღვრა "სესხის მომსახურებისა" (ე.წ. PTI – payment to income ratio) და "სესხის უზრუნველყოფის" (LTV – Loan to value ratio) კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები.

ფიზიკური პირების თითოეული სესხისათვის "სესხის მომსახურების კოეფიციენტის" და "სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის" მინიმალური მოთხოვნები გავრცელდება კომერციული ბანკების მიერ 2017 წლის 30 ნოემბრიდან გაცემულ სესხებზე. განახლებული წესით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში მკვეთრად იზრდება საზედამხედველო ტვირთი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, შეამცირებს შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციას და შესაბამისად, გააუმჯობესებს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხს და კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ცვლილებებსა და საკრედიტო სტანდარტების დანერგვაზე საქართველოს ეროვნული ბანკი 2014 წლიდან აქტიურად მუშაობდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა კომერციულ ბანკებთან. ცვლილებების შედეგად განახლებული მოთხოვნები სრულად შეესაბამება რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.