ბათუმის მერიის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უზრუნველყოფენ

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაზარალებულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია თავშესაფრით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, მათი განმარტებით, მოხდება დროებითი გადახურვა ბრეზენტით.

„ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე, მერიისა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათგან ორი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აფეთქებამ მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლები დააზიანა. აფეთქების მიზეზებს გამოძიება ადგენს. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, მოხდება დროებითი გადახურვა ბრეზენტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.