ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გრიფი „საიდუმლო“ დაედო

ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოება გახდა.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხა გამოიყოფა ყოველწლიურად ბიუჯეტიდან თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის შენახვისთვის და არის თუ არა გადაწყვეტილი, სამომავლოდ რა ფუნქცია-დანიშნულება შეიძლება შეიძინოს მან.

„თბილისში ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება“, - აღნიშნეს ქონების ეროვნულ სააგენტოში და ამ მიზეზით რაიმე ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.

ათონელის რეზიდენციის მშენებლობა ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პრემიერის ადმინისტრაციისთვის დაიწყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული შენობა პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციად გამოაცხადა, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში არ გადავიდა, რამაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება გამოიწვია. მოგვიანებით ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისით პოტენციური მყიდველები არ დაინტერესდნენ, შენობა ნუსხიდან მალევე ამოიღეს. აღნიშნულის მიზეზად ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ შენობა სპეციფიკური სახისაა და დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია. ამასთან, სხვადასხვა დროს საუბარი იყო ათონელის რეზიდენციაში ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების განთავსებაზე, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროც სახელდებოდა, თუმცა შენობაში ამ დრომდე არც ერთი უწყება არ გადასულა.