აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება

ბათუმში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება, - ამის შესახებ განცხადება მედიასთან დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააკეთა.

როგორც აჭარის მთავრობა იუწყება, ისინი დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეჰპირდნენ.

„ჩვენ ამ დილით დაზარალებულ მოსახლეობას ქალაქ ბათუმის მერიაში შევხვდით. ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვთავაზობთ დროებითი ფართით უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატიული ბინის ფართების შეთავაზებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოძიების დასრულებამდე ვთავაზობთ მოსახლეობას გადავცეთ კონკრეტული ბინები.

ასევე არის მეორე შეთავაზება, განხორციელდეს დაზიანებული სახლების რემონტი. ველოდებით მოსახლეობისგან დასტურს და შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ საბოლოო ჯამში მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან და ფართები გადაეცემათ საკუთრებაში, მოხდება ჩანაცვლება და მათი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს“, - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 4 სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის მთავრობა ადგილზე გაეცნო მდგომარეობას და აგრძელებს დაზარალებულებთან მუდმივ კომუნიკაციას.