ნინო წილოსანის ინიციატივით გურულებს უფასო კვლევები "საჩხერის სამედიცინო ცენტრში" ჩაუტარეს

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციები გრძელდება. აქციის ფარგლებში 30-მდე გურულ პაციენტს დამატებითი გამოკვლევები "საჩხერის სამედიცინო ცენტრში" ჩაუტარეს.

მანამდე პაციენტთა შერჩევა გურიის სოფლებში მოხდა, სადაც ექიმებმა მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციები და პირველადი კვლევები ჩაუტარეს.

კერძოდ, 1-5 აგვისტოს მონაკვეთში კვალიფიციურ ექიმთა მობილური ჯგუფი 8 სოფელს ესტუმრა. ბაილეთი, აკეთი, მამათი, აცანა, ხიდისთავი, ჩოჩხათი, გოგოლესუბანი და ჯვარცხმა - ეს ის სოფლებია, სადაც აქცია განხორციელდა და სადაც მედიკოსთა კონსულტაციების მიღება სხვა სოფლის მცხოვრებლებმაც შეძლეს. სამედიცინო აქციით, 300-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

ის პაციენტები კი, რომელთაც ექიმების წინასწარი მონაცემებით, აუცილებლად ესაჭიროებათ დამატებითი კვლევები, ნინო წილოსანის ბიურომ უფასოდ წაიყვანა საჩხერეში სრული გამოკვლევებისთვის.

აქციაში მონაწილე პაციენტები დეპუტატ ნინო წილოსანს მადლობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი სამედიცინო აქციები მოსახლეობისთვის კვლავ გაგრძელდება.

სკრინინგის გამოკვლეულ მოსახლეობას "საჩხერის სამედიცინო ცენტრში" შემდეგი სახის გამოკვლევები უფასოდ შესთავაზეს: კარდიოეხოსკოპია, ეხოკარდიოგრამა 24 საათიან რეჟიმში ე.წ. ჰოლტერის მეთოდით, კორონაროგრაფია, ასევე მამოგრაფია, ვაგინალური ეხოსკოპია, სარძევე ჯორკვალში არსებული წარმონაქმნების ციტოლოგიური კვლევა ეხოსკოპიური კონტროლით, ასევე ფარისებრ ჯირკვალში არსებული წარმონაქმნების ციტოლოგიური კვლევა ეხოსკოპიის კონტროლით, საშვილოსნოს ყელის ბიოფსია.

მარინა სალუქვაძე - მამათის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი:

"დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ ჩვენთან აქციის პროგრამით მოწვეული იყვნენ სპეციალისტები. აქციის შესახებ გაფრთხილებული იყო მოსახლეობა. მადლობა მინდა გადავუხადო მედპერსონალს და ნინო წილოსანს ასეთი აქცია რომ მოაწყო, ასეთი ყურადღება რომ გამოიჩინა მამათელი მოსახლეობისადმი. ვიმედოვნებთ, რომ აქციები მომავალში გაგრძელდება“.

ეთერ ლომაძე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი მამათის მცხოვრები:

"2 აგვისტოს სოფელ მამათში ჩატარდა სამედიცინო აქცია ჩვენი დეპუტატის ნინო წილოსანის მხარდაჭერით. ჩამოვიდნენ საჩხერიდან საუკეთესო ექიმები, რომლებმაც გულისყურით გაგვსინჯეს, აგვიღეს ანალიზები, დაგვეხმარნენ და ზოგიერთი, რომელსაც ესაჭიროებოდა აუცილებლად გამოკვლევები, დაგვიბარეს "საჩხერის სამედიცონო ცენტრში". მოვედით, მოგვეწონა, დიდებული ექიმები არიან. დიდი მადლობა, პირველ რიგში, ჩვენს დეპუტატს ნინო წილოსანს, ასევე "საჩხერის სამედიცინო ცენტრის" ყველა პერსონალს".

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის თქმით, მსგავსი სამედიცინო აქციები გურიის მოსახლეობისათვის მომავალშიც გაგრძელდება.

"უკვე რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ჩემი და სამედიცინო ცენტრის უფასო კვლევების აქცია. მოსახლეობის რაოდენობამ და აქტიურობამ დააზუსტა, რომ მართლაც ძალიან საჭირო და დროული ინიციატივა იყო. დღეს მოქალაქეები, რომელთაც ექიმების დასკვნით დამატებითი კვლევები სჭირდებოდა, საჩხერეში ჩამოვიყვანე. მე პირადად ვიცი მოქალაქეების აზრი, ბიუროს დახმარებით ვიგებ მათ დამოკიდებულებაზე ამ აქციის მიმართ. რაც მთავარია, კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ჩემი ხალხის ჯანმრთელობას. აქ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აქციები მომავალშიც გაგრძელდება".