გიორგი სიგუა - ფესტივალზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 35-მა ადამიანმა ბოლომდე ვერ აიღო გასამრჯელო

იმ მითქმა-მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს, - ამის შესახებ “ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო სახსრები არტისტების ჩამოყვანაში დაიხარჯა და მას ვერავინ მოედავება, რომ რომელიმე არტისტი ან არ ჩამოვიდა, ან არ დაუკრა.

„თითქოს სახელმწიფო სახსრები გავფლანგეთ, ჩვენ ერთი თეთრიც არ აგვიღია სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს ჩართულობა იყო მცირე ნაწილში. ჩვენ 500-ზე მეტი არტისტი გვყავდა ჩამოყვანილი. რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როცა ყველა არტისტისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფო ხარჯი იყო გაღებული, ჩამოვიდა და დაუკრა? რაშიც იყო სახელმწიფო რესურსი გადახდილი, 100%-ით არის შესრულებული, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები.

ფესტივალი ჩატარდა თავიდან ბოლომდე? - ჩატარდა; 30 დღე მიმდინარეობდა? - ასე იყო; 8 სცენა იყო? - იყო; 500-მა არტისტმა დაუკრა? - დაუკრა. მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ? - იყვნენ. კი ბატონო, ბევრი პრობლემა შეგვექმნა, იყო უამინდობა, იყო ისიც, რომ ბევრმა მოიჯარემ არ გადაიხადა იჯარა, მათ ჩვენი ვალი აქვს“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.

გიორგი სიგუა იმ ადამიანების პრეტენზიებსაც გამოეხმაურა, რომლებიც „ჯემ ფესტზე“ იყვნენ დასაქმებულნი და კუთვნილი ხელფასი ჯერ არ აუღიათ.

„ფესტივალზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 35-მა ადამიანმა ბოლომდე ვერ აიღო გასამრჯელო, მაგრამ არსად არ გავქცეულვარ და ყველა მათგანი თანხას ბოლო კაპიკამდე მიიღებს. რაც შეეხება სახელმწიფოსთვის გადასახდელ გადასახადებს, ყოველი თვის 15 რიცხვში ვიხდიდით და არ გვაქვს დავალიანება“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.

მისივე განმარტებით, ფესტივალის ხანგრძლივობა 1 თვე, დამაზარალებელი აღმოჩნდა, „თუმცა უსაშველო არაფერია“ და ფესტივალის მომავალ პერსპექტივებზე ვრცელ გეგმას მოგვიანებით დადებს.

„პირადად ჩემთვის, სამომავლოდ გაცილებით კომფორტული იქნება, თუ სახელმწიფოს წინაშე არ მექნება არანაირი ვალდებულება, არ მომიწევს ამდენ კითხვაზე პასუხის გაცემა და ამდენ შარში თავის გაყოფა. „სახელმწიფო ფული“, „სახელმწიფო ფული“ იძახიან - არ ამიღია და ხელი არ მომიკიდია ამ ფულისთვის, არც არასწორად დახარჯულა. ვეცდები, რომ სამომავლო პროექტები სახელმწიფო ფინანსური ჩარევების გარეშე განხორციელდეს“, - განაცხადა სიგუამ „იმედის“ ეთერში.

გიორგი სიგუა ხვალ, 11:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.