საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების თითქმის ნახევარი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა

რეგიონებში ხალხი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთო მიკროავტობუსებით გადაადგილდება.

ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სატვირთო ტრანსპორტის შედარებით დაბალი ფასია, რის ხარჯზეც მგზავრების უსაფრთხოება აშკარად დაუცველია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ ალტერნატიული ტრანსპორტის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს, მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მეტად სწორედ მიკროავტობუსებით გადაადგილდება.

ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა ქვეყანაში არის საშიში და რისკი თითოეული მგზავრისთვის ძალიან დიდია.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვნელი დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ამორტიზებული მიკროავტობუსებით ხდება, რაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.

"ყოველთვის ფასზე კეთდება აქცენტი და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ტრანსპორტის უმეტესობა გაუმართავია. ჯერ უნდა ვთქვათ, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია მიკროავტობუსი და შემდეგ ვისაუბროთ ფასებზე. ტრანსპორტის ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით განუკითხაობაა. დედაქალაქში ეს სისტემა მსუბუქ კონტროლს მაინც ექვემდებარება, ხოლო საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქვეყანაში არის საშიში. არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხს აგებს დედაქალაქიდან რეგიონში მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ან პირიქით. ხშირად ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ამორტიზებული და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველას აქვს მოხსნილი. მძღოლები, ერთი შეხედვით, გადიან სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. დაღლილი მძღოლი საჭესთან რისკია. ზოგჯერ 3-4 რეისს ასრულებენ დღეში.

ტარიფების დარეგულირება ხდება ავტოსადგურებისა და "ხიშნიკების" (დაურეგისტრირებელი) ბრძოლით. "ხიშნიკობა" ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან მიკროავტობუსების უმეტესობა რეალურად სატვირთოა, რომლებიც სამგზავროდ გამოიყენება უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინების გარეშე. ტარიფებს არეგულირებს ბაზარი, მაგრამ მოქმედებს განუკითხაობა, რაც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში მაგისტრალებზე მოძრაობა გადატვირთულია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ბევრი ფატალური შედეგითაც დასრულდა.

"ჩემი აზრით, მატარებლის გაძვირება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ისედაც აღიარებული მოსაზრებით, იგი სახმელეთო ტრანსპორტს შორის გაცილებით უსაფრთხოა და საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ მატარებლით იმგზავრონ. ხალხი ჩქაროსნულ მაგისტრალზე გადაადგილებას უნდა მოერიდოს. უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის, ფატალური ფაქტიც ბევრი იყო. ტურისტულ პერიოდში მგზავრების ნაკადი ყოველთვის მატულობს. თანაც, მგზავრობა გააძვირეს ისე, რომ წინასწარ არავინ იცოდა. საზოგადოების ინფორმირება უნდა მოეხდინათ 2-3 თვით ადრე. ასე არ მოიქცნენ და ძალიან ბევრი მგზავრი, ძირითადად დამსვენებლები, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. არ ვფიქრობ, რომ "საქართველოს რკინიგზისთვის" გაძვირება დიდი მოგების მომტანი იქნება. საბოლოოდ ადამიანი ავტომობილით გადაადგილებას არჩევს და არ ისარგებლებს მატარებლით. ეს ტენდენცია შეიმჩნევა კიდევაც. ამით კიდევ უფრო გადაიტვირთა მაგისტრალი. აზრს ვერ ხედავს ადამიანი, რატომ უნდა იმგზვროს მატარებლით და გადაიხადოს ძვირი, როცა მიკროავტობუსით ან გაზზე მომუშავე მანქანით მგზავრობა გაცილებით იაფი უჯდება. ჰიბრიდისთვის ეს ხარჯი კიდევ უფრო იაფია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს წახალისებული, რათა ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდეს და ადამიანები მივაჩვიოთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული და უსაფრთხოა", - აცხადებს დავით მესხიშვილი და დასძენს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დღესდღეობით არის არაკომფორტული, საშიში და დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან.

"ფასთან შედარებით, მთლიანად დერეგულირებულია ეს სფერო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც ამბობს, რომ ბერკეტი არ გააჩნია რეგულირებისა, სფერო მთლიანად ნებაზეა მიშვებული და უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევაა, როცა ადამიანები იღუპებიან. როცა იხდის, ადამიანს უჩნდება პრეტენზია, რომ უფრო კომფორტულად იმგზავროს", - ამბობს მესხიშვილი.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. მისი შეფასებით, რეგიონების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების უმეტესობა სტანდარტთან აბსოლუტურად შეუსაბამოა.

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. განსაკუთრებით მწვავეა ეს საკითხი, როცა საქმე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, კერძოდ, მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ეხება. მათი უმეტესობა არ შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტს. დღეს სატვირთო მიკროავტობუსების დიდი ნაწილი გადაკეთებულია სამგზავროდ და რეალურად ხელისუფლებას არ აქვს არანაირი კონტროლი ამასთან დაკავშირებით, არ ატარებს მონიტორინგს და ამან განაპირობა ქაოსი. ასეთი სიტუაცია იმიტომაა, რომ სატვირთო ტრანსპორტი უფრო იაფია, ვიდრე სამგზავრო და მისი შეძენა მძღოლისთვის გაცილებით ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ასეთ ტრანსპორტში მგზავრთა ექსპლუატაციის წესები დარღვეულია, ელემენტარულად, სავარძლების განთავსების წესი ნორმასთან არ არის შესაბამისობაში, არ აქვთ ღვედები, სავარძლებს შორის მანძილი არ არის დაცული, მათი დამაგრება და აღჭურვა კუსტარულად ხდება და სხვა. სამწუხაროდ, როცა ასეთი მიკროავტობუსი მოხვდება ავტოსაგზაო შემთხვევაში, შედეგი არის ფატალური. ისინი არც გადიან სავალდებულო ტექდათვალიერებას, რომელიც კანონით ეხებათ. კანონის აღსრულება არ ხდება. თუ ხდება, ჯარიმა არის 100 ლარი და კონკრეტული მძღოლი 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება დაჯარიმდეს. ცხადია, უღირს ამ თანხის გადახდა, ვიდრე ის რომ მოაწესრიგოს ტრანსპორტი, რაც გაცილებით ძვირი დაუჯდება. ერთია, რომ კანონმდებლობა არ მუშაობს, მეორე, საკანონმდებლო ხარვეზია და არის ბევრი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს", - აცხადებს ურუშაძე.

საფრთხეზე საურობენ მგზავრები. რაჭიდან სულ ახლახან დაბრუნებული მზია მურუსიძე ამბობს, რომ მცირეწლოვან შვილებთან ერთად რამდენიმე ასეული კილომეტრი ამორტიზებული მიკროავტობუსით იმგზავრა.

"თბილსში საკმაოდ ცნობილი ავტოსადგურიდან გავედით. თავდაპირველად, როცა ტრანსპორტი დავინახე, რითაც უნდა მემგზავრა, შევცბი. ვარჩიე, მორიგ რეისს გავყოლოდი, მაგრამ ის უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც შემდეგ მგზავრებმა მითხრეს, გამართული ტრანსპორტი რაჭის მიმართულებით არც დადის, მაგრამ მძღოლის პროფესიონალიზმს უნდა ენდოთო. ძალიან სუსტი არგუმენტია თვითდამშვიდებისათვის. მთელი გზა შიშში ვიყავი, რადგან ყოველ წუთს ველოდი საფრთხეს", - ამბობს მგზავრი.

ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგიონის პრობლემა, ასეთი ტრანსპორტით გადაჰყავთ მგზავრები თითქმის ყველგან. ტურისტული რეგიონებისთვის ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, ისიც ნაწილობრივ ფაქტია, რომ მგზავრები ყოველდღიურად ბეწვის ხიდს გადიან და ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევებიც სწორედ ამ განუკითხაობის შედეგია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"