სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება.

2017 სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.

უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.

2017 სასწავლო წლისთვის 4 724 660 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა. პროცენტულობით 60% ახალი სახელმძღვანელოა, 40% კი მეორადია.

საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოების პაკეტში იქნება როგორც გამოყენებული, ასევე ახალი წიგნები. სკოლები მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს თავად უნაწილებენ.