სემეკ-ის თავმჯდომარე - გასაგებია, რომ ტარიფი არის ერთ-ერთი ცხელი თემა პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე

ვფიქრობ, აქამდე ჩვენ ვადასტურებდით, რომ კომისია იყო ყოველთვის დამოუკიდებელი მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში , - ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ „ლეიბორისტული პარტიის" წევრების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირინა მილორავამ აღნიშნა, კომისია არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, კომისიის წევრებს ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა.

„ვფიქრობ, აქამდე ჩვენ ვადასტურებდით, რომ კომისია იყო ყოველთვის დამოუკიდებელი მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ვფიქრობ, როდესაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება ხდება, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ ამ გადაწყვეტილების შეფასებისას. თუ რაიმე არის კითხვის ნიშნის ქვეშ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ დოკუმენტურად, რიცხვებით, არგუმენტებით და არა ისეთი უსაფუძვლო ბრალდებებით, რაც დღეს მოვისმინეთ. გასაგებია, რომ ტარიფი ძალიან მგრძნობიარე თემაა. გასაგებია, რომ ეს არის ერთ-ერთი ცხელი თემა პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, ჩვენი ვალდებულება და როგორც დღეს ვიყავით ვალდებულები, რომ დაგვეწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ასეთივე ვალდებულება გვეკისრება მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისა და მომხმარებლების წინაშე, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის უწყვეტ ენერგომომარაგებას", - განაცხადა მილორავამ.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის გამოძახებას, ირინა მილორავას თქმით, პოლიციას დაცვის სამსახური დაუკავშირდა, რომელიც სემეკ-ს ემსახურება და შენობას იცავს.

"მაქსიმალურად არ გვინდოდა, რომ მოვლენები ამ გზით განვითარებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, დღის ბოლოსთვის გვრჩებოდა განსახილველი საკითხები და კანონმდებლობით და დადგენილი წესით მოვთხოვეთ დაცვის სამსახურს, რომ უზრუნველეყო სხდომაზე წესრიგი და მოეცათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საშუალება, რომ განგვეხორციელებინა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება. დაცვის სამსახური დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას, დანარჩენი უკვე მოხდა კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა მილორავამ.

სემეკი-ს დღევანდელი სხდომა, სადაც 5 სატარიფო განაცხადთან, მათ შორის, კომპანია "თელასის" განაცხადთან დაკავშირებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე უნდა ემსჯელათ, ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომას „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც სემეკი-ს წევრებს მოუწოდებდნენ, პროცესი შეეწყვიტათ და ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება არ დაეშვათ, რადგან ეს იყო უკანონო. მოგვიანებით სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა. მან და პარტიის სხვა წევრებმა სემეკ-ის იმ დაბრბაზში, სადაც საჯარო სხდომები იმართება, მჯდომარე აქცია გამართეს. ხმაურის გამო სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. საბოლოოდ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერსა და წევრებს სემეკ-ის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.