ირინა მილორავა - დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით

დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კიდევ 5 სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით დაწყო.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, ირინა მილორავას განცხადებით, კომისიას ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი ის დოკუმენტები, რაც სემეკშია წარმოდგენილი, რადგან სატარიფო განაცხადები წარმოდგენილია სულ რამდენიმე დღეა და სემეკი ახლა იწყებს უკვე შესწავლას.

,,სამომხმარებლო ტარიფი უცბად არ დგინდება. სამომხმარებლო ტარიფის დადგენას წინ უძღვის ელექტროენერგეტიკულ სექტორში, დაახლოებით, 20-მდე კომპანიისთვის ტარიფის დადგენა. დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით, თუმცა, ტარიფთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მგრძნობიარე კომპონენტი ვალუტის კურსი. მინიმუმ რაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბოლო ტარიფები დადგენილია კურსით 2.5 და ვინაიდან კურსთან დაკავშირებით არსებითი ცვლილება არ არის, ეს ბუნებრივია, გავლენას ვერ მოახდენს სამომხმარებლო ტარიფებზე", - განაცხადა მილორავამ.

მისივე თქმით, სემეკი პრაქტიკულად, ყოველ წელს ეყრდნობოდა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ კურსს. ,,დაველოდებით, როგორ იქნება გათვალისწინებული კურსი ,,ბიუჯეტის შესახებ კანონით" , შემდეგ უკვე იგივე კურსს მაღალი ალბათობით გამოვიყენებთ ტარიფების პროგნოზირებისას", - განაცხადა მილორავამ.

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით „ვარდნილჰესების კასკადმა“ რამდენიმე დღის წინ მიმართეს. კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150-დღიანი ვადა აქვს.

სემეკის დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომას ,,ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც სემეკის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ მათ პროცესი შეეწყვიტათ და ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება არ დაეშვათ, რადგან ეს იყო უკანონო. მოგვიანებით სხდომაზე ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა. მან და პარტიის სხვა წევრებმა სემეკის იმ დარბაზში, სადაც საჯარო სხდომები იმართება, მჯდომარე აქცია გამართეს. ხმაურის გამო სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. "ლეიბორისტული პარტიის" წევრები სკანდირებდნენ, რომ სხდომა შეწყვეტილიყო. ადგილზე სემეკ-ის დაცვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფოდნენ. საბოლოოდ მათ ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერსა და წევრებს სემეკის შენობა დაატოვებინეს.