“ტრანსსერვისის” იურისტი ისნის ბაზრობის დაზარალებულებზე - ფართები არის მათი საკუთრება და ისინი არიან პასუხისმგებელი თავიანთ ქონებაზე

საწარმოს დაზარალებულებისთვის მიქირავებული აქვს ფართები, ეს არის მათი საკუთრება და ისინი არიან პასუხისმგებლები თავიანთ ქონებაზე, - ამის შესახებ ე.წ. ისნის ბაზრობის მფლობელი შპს “ტრანსსერვისის” იურისტმა ავთანდილ კახნიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინაც იყო და იმ დროს 20-მდე ჯიხური დაიწვა.

იურისტის განცხადებით, დღემდე გამოძიება მაშინდელ საქმეზე დასრულებული არ არის.

მისივე ინფორმაციით, გუშინდელი ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ორმოცამდე სავაჭრო ობიექტი, თუმცა ზუსტი სია დგინდება.

“მუშაობენ სამართალდამცველები, ექსპერტის დასკვნა ალბათ დაიდება უახლოეს მომავალში და ამის შესაბამისად იქნება საუბარი ზიანის ანაზღაურებაზე”, - განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტების დაზღვევას, ისნის ბაზრობის იურისტის განცხადებით, სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არის სავალდებულო დაზღვევა.

“რაც შეეხება თავითონ დაზარალებულთა ქონებას, ეს არის მათი ინდივიდუალური საკუთრება, ანუ საწარმოს მათთვის მიქირავებული აქვს ფართები, როგორც ეს ხდება სხვა ბაზრობებზე, ეს არის მათი საკუთრება და თვითონ არიან პასუხისმგებელი თავიანთ ქონებაზე. კანონით თვითონ არიან პასუხისმგებლები, იქონიონ ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებები”, - განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან უსაფრთხოების ზომები დაცულია და ტერიტორიაზე არის დაცვის სამსახური.

“კარგი იქნებოდა, რომ მერიას და ქალაქს ჰქონოდა ე.წ. სახანძრო ვერტმფრენი, რომელიც ამის ლოკალიზებას მალევე მოახდენდა. როგორც ვიცი, დაცვამ ოპერატიულად შეამჩნია. იმის გამო, რომ ქაფი არ იყო გამოყენებული, წყალმა ოპერატიულად ვერ მოახერხა ხანძრის ჩაქრობა და ზარალი დიდია. თუმცა, მადლობა სახანძროს და პატრულს, რომელიც მაქსიმალურად შეეცადა, რომ ზარალი ყოფილიყო მინიმალური”, - განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.

ბაზრობის იურისტის აღნიშნულმა კომენტარმა ტერიტორიაზე შეკრებილი დაზარალებული სავაჭრო ობიექტების მფლობელების უკმაყოფილება გამოიწვია. დაზარალებულები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.

აღნიშნულის საპასუხოდ ბაზრობის იურისტმა აღნიშნა, რომ მას არ რცხვენია, რადგან ტყუილს არაფერს ამბობს.

ამის შემდეგ დაზარალებულებსა და ბაზრობის იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.