კომპანია „ტრანსსერვისის“ გენერალური დირექტორი - კომპანია დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება

კომპანია „ტრანსსერვისის“ გენერალური დირექტორი ბექა მახარაძე აცხადებს, რომ კომპანია ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება. მისი თქმით, დახმარების ერთ-ერთი ფორმა, შემოსავლების სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდით დაზარალებულების იჯარიდან გათავისუფლება იქნება.

"კომპანიამ გადაწყვიტა რაღაც დოზით დახმარება გაუწიოს ინდმეწარმეებს. კომპანიას რისი ფინანსური საშუალებაც ექნება, იმის მიხედვით გავუწევთ დახმარებას. რამდენიმე ადამიანი ახსენებს, თითქოს კომპანია დახმარებაზე უარს ამბობს. 2015 წელს ჩვენ აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს კომპენსაცია გავუწიეთ. კომპანიას დიდი კრედიტი აქვს აღებული და რისი საშუალებაც იქნება, აუცილებლად დავეხმარებით. ეს ყველაფერი გადაწყდება მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაითვლება",- აღნიშნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება დაზღვევას, კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მეორად ავტონაწილებს სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევენ.

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 19 აგვისტოს, გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.