„მანჩესტერ სიტი“ მზად არის მესის სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაიხადოს

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ მზად არის „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელის ლეონელ მესის სანაცვლოდ რეკორდული თანხა - 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სწორედ ეს თანხაა მითითებული მესის კონტრაქტში და აღნიშნული თანხის შეთავაზების შემთხვევაში, კატალონიურ გუნდს უფლება აღარ ექნება, უარი თქვას მესის გაშვებაზე.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ არგენტინელი ფეხბურთელის აგენტებს.

თუ „მანჩესტერ სიტისა“ და ლეონელ მესის შორის გარიგება შედგა, არგენტინელი თავდამსხმელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. ახლა ამ წოდებას ნეიმარი ფლობს, რომლის სანაცვლოდ „ბარსელონამ“ ცოტა ხნის წინ 222 მილიონი ევრო მიიღო ფრანგული „პარი სენ-ჟერმენისგან“.