მემინგენის აეროპორტში მყოფ მგზავრებს საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები გადაუცვალეს

„ვიზეარის“ რეისის გადადების გამო, მემინგენის აეროპორტში მყოფ მგზავრებს საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები გადაუცვალეს. ერთ-ერთი მგზავრი გვანცა ხეცურიანი ამჟამად დორტმუნდში იმყოფება, რომელიც კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად საქართველოში 24 აგვისტოს დაბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხეცურიანმა აღნიშნა, მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით რეისი ორჯერ გადაიდო, შემდეგ კი, უამინდობის გამო საერთოდ გაუქმდა. მისივე თქმით, ათსაათიანი ლოდინისა და გაურკვევლობის შემდეგ მგზავრებს ბილეთები გადაუცვალეს.

„თავიდან უცნობი იყო მიზეზი, რატომ გაუქმდა რეისი. შემდეგ გავიგეთ, რომ უამინდობის გამო, ჩვენი თვითმფრინავი მემინგენის ნაცვლად მიუნხენში ჩაფრინდა. ამის შემდეგ ვეცადეთ ზუსტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, მაგრამ მხოლოდ ერთ რაიმეს გვეუბნებოდნენ, რომ ეს მათ არ ეხებოდათ და ბილეთები უნდა შეგვეძინა თავიდან. მადლობა ღმერთს, მეორე დღეს დილით მოხერხდა ბილეთების გადაცვლა. ზოგი მილანიდან გაფრინდება, ზოგი - ბერლინიდან, ჩვენ კი 24 აგვისტოს დოტმუდნიდან გამოვფრინდებით საქართველოში“, - აღნიშნა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, ავიაკომპანიის წარმომადგენლები მგზავრებს დაპირდნენ, რომ რეისის გადადების გამო გაწეულ ყველა ხარჯს აუნაზღაურებდნენ.

„იყო დაპირება, რომ ხარჯებს აანაზღაურებდნენ, მაგრამ ამაზე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. რაც შეგვეხება ჩვენ, გუშინ 11:00 საათზე დავტოვეთ მემინგენის აეროპორტი. 6 ადამიანს შეგვიძინეს ავტობუსის ბილეთები. როდესაც დორტმუნდის აეროპორტში მივედით, სასტუმროზე ჯერ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, მაგრამ საპასპორტოში კონტროლიორმა გამოიჩინა დიდი სიკეთე, დაგვიჯავშნა სასტუმრო და გამოგვიძახა ტაქსი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ეს „ვიზეარის“ კონტროლიორი იყო, მაგრან 95% მგონია რომ არ ვცდები. ამჟამად სასტუმროში ვიმყოფებით. სასტუმროს ხარჯი გვინაზღაურდება, მაგრამ ვის მიერ არ ვიცი“, - აღნიშნა გვანცა ხეცურიანმა.

მემინგენი - ქუთაისის ავიარეისი, რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განუცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.

ქუთაისი - მემინგენის რეისი, რომელიც ორი დღის წინ ქუთაისიდან გაფრინდა, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო, მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა.

მგზავრების თქმით, ახალი რეისი 24 აგვისტოს დაინიშნა, იქამდე კი სასტუმროებში საკუთარი სახსრებით დაბინავდნენ.