"თიბისი ჯგუფი", "ბორჯომი" და "კოკა -კოლა"  ბორჯომის დამწვარი ტყის ნაწილს აღადგენენ

ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის გარკვეულ ნაწილს ქართული კომპანიები აღადგენენ.

აღნიშნული შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი „თიბისი ჯგუფისა“ და კომპანია „ბორჯომის“ მიერ აღდგება.

აღნიშნულ ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია " კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაც" შეუერთდა.

"ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას. გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან,  ტყის აღდგენისა და დამწვარ ტერიტორიებზე ხეების დარგვის აქციებში მონაწილეობას გეგმავს სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომიც“.

"ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება და სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ პროცესში სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ აქტიურად არის ჩართული. სასტუმროს ადმინისტრაციამ მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ პასუხსიმგებლობას და ხანძრის ლოკალიზების შემდეგ შევუერთდებით და ორგანიზებას გავუწევთ ხის დარგვის აქციებს დაზიანებულ ტერიტორიებზე,"- ნათქვამია სასტუმროს "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.