ექსპერტები - ბორჯომის ტურისტულ სექტორს საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიადგება

ბორჯომის ხეობაში უკვე მეოთხე დღეა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხეობაში შექმნილი კლიმატური პირობების გამო, კურორტს დამსვენებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ტოვებს. ბორჯომი და მის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიები, ტურისტების სიმრავლით ყოველ წელს გამოირჩევა, თუმცა, შექმნილი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, ტურისტული სეზონის პიკურ პერიოდში, ადგილობრივი სასტუმროებისა თუ კვების ობიექტების მფლობელები მნიშვნელოვან ზარალს ნახავენ.

ტურიზმის ექსპერტის განმარტებით, ფინანსური დანაკარგები საკმაოდ დიდი იქნება. ია თაბაგარის თქმით, ამ ეტაპზე ციფრებზე საუბარი რთულია.

„ბორჯომსა და მის მიმდებარედ მდებარე სხვა კურორტების მცხოვრებლებისთვის სამასპინძლო ბიზნესი შემოსავლის ძირითადი წყაროა. აქ მხოლოდ სასტუმროებზე არ არის საუბარი, პროცესში ჩართულია სხვადასხვა კვების ობიექტი, პარკი, დაცული ტერიტორიები. საერთო ჯამში ძალიან ბევრი ადამიანი. ზოგი მათგანი საკუთარი ტრანსპორტით მომსახურების სერვისს სთავაზობს დამსვენებელს, ზოგი გიდია. მთლიანობაში მათ საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიადგებათ. ამასთანავე, ადგილობრივი მოსახლეობაის დიდ ნაწილს, რომლებიც სეზონურად მუშაობენ, კრედიტი აქვს აღებული. როგორც წესი, გაზაფხულზე იღებენ ხოლმე სესხს სწორედ იმისთვის, რომ თავიანთ ობიექტებში არსებული სიტუაცია გააუმჯობესონ და რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღონ. ხალხი ეკონომიკურად ნამდვილად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.“-აღნიშნავს ია თაბაგარი.

ფინანსურ ზარალზე საუბარი ამ დროისთვის უჭირს კამპანია „აღადგინეს“ ორგანიზატორსაც. თუმცა თამარ ზამთარაძის განმარტებით, კამპანიის ფარგლებში დარგული ხეების 80% განადგურებულია.

მისი თქმით, ამ დრომდე ბორჯომში, 12 ჰექტარ მიწის ფართობზე, კამპანიის ფარგლებში 30 000-მდე ხე იყო დარგული.

„იქიდან გამომდინარე რომ დარგვითი სამუშაოები მიმდინარეობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, შემოსული თანხითან, ანუ მიღებული 47 ათასი შეკვეთიდან 30 ათასი ხის დარგვა მოვასწარით. შესაბამისად, გადარჩა 17 ათასი ხე, რომელიც შემოდგომაზე უნდა დაირგოს. იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ სამუშაოებ, ამასთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს სატყეპო სააგენტოდან მივიღებთ“, - აღნიშნავს თამარ ზამთარაძე.

თამარ ზამთარაძის ინფორმაციით, კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში ჩართული იყო 170-მდე კომპანია და 6 ათასამდე ფიზიკური პირი. მათგან შემოსული თანხით ნაყიდი ნერგების ნაწილი უკვე დარგული იყო ბორჯომის ტერიტორიაზე. ნაწილი კი არა. ზამთარაძის განმარტებით, კამპანია გრძელდება. ფინანსური ზარალის დათვლა კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

ბორჯომის ხეობას 2008 წელს აგვისტოს ომის დროს, რუსული ეკოციდის შედეგად კოლოსალური ზარალი მიადგა - გადაიწვა 250 ჰა ტყის მასივი. რუსი ოკუპანტების მიერ ბორჯომის ხეობის განადგურებით საქართველო მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტით დაზარალდა.

ქრისტინე გამთენაძე