გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ცნობით, ზოგიერთი მინისტრისა და პარლამენტარის ქონება რამდენიმე მილიონს შეადგენს. მათ შორისაა დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომლის ქონება გაზეთის ცნობით, 6 მილიონ ლარს შეადგენს.
გასული წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოცირიძე ფლობს, 1 500 – 1 500კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და აგარაკს კოჯორში; 2 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 152 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში. მასვე ეკუთვნის სს „ჩაჩავას კლინიკის“ 499 582 აქცია.
რაც შეეხება პარლამენტის წევრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გოცირიძეს „კორსტანდარტ ბანკის“ ანაბარზე - 50 000 დოლარი და 70 000 ევრო; „თიბისი“ ბანკის ანაბარზე - 123 000 ევრო და 63 600 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 3 485 ევრო; „პროკრედიტ ბანკის“ ანაბარზე - 50 000 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 11 718 დოლარი და 9 211 ევრო, სახელფასოზე კი - 2 804 ლარი ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, „ჩაჩავას კლინიკის“ აქციონერობისას გოცირიძის წლიურმა შემოსავალმა 1 011 839 ლარი შეადგინა, ამასთან დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატი შპს „საქცივპროდუქტის“ პარტნიორი იყო, თუმცა საწარმოს საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.
ელგუჯა გოცირიძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში, 212.14 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს თბილისში, 54.49 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში, ამავე მისამართზე მდებარე 23.80 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს, 280 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 89 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ სახლს.
მასვე, დეკლარაციის შევსების მომენტში, „კორსტანდარტ ბანკის“ ანაბარზე 100 000 დოლარი; „თიბისი“ ბანკის ანაბარზე - 335 000 ევრო და 105 250 დოლარი; „პროკრედიტ ბანკის“ სახელფასოზე კი - 3 519 ლარი ჰქონდა. გოცირიძის მეუღლე „ჩაჩავას კლინიკის” პარტნიორია, რომლის საქმიანობითაც მისმა წლიურმა შემოსავალმა 35 110.07 ლარი შეადგინა.