ბევრს ჰგონია, რომ მილიონებად შეფასებული უძრავი ქონება მხოლოდ პრესტიჟულ კურორტებზე და ცნობილ ქალაქებშია, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ.
გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს. ინტერნეტპორტალ SS.ge-ს დირექტორ ნიკა ჯაფარიძის თქმით, სახლის სიძვირეს მისი ფართობი და კომფორტი განაპირობებს:
“ რამდენიმე მილიონად შეფასებული სახლები თბილისშიც არის. ჩვენს ვებგვერდზე ახლაც ნახავთ განცხადებებს, რომელთა ავტორები მყიდველს ძვირადღირებულ საცხოვრებელს სთავაზობენ. მილიონიანი ბინა შეიძლება კორპუსშიც იყოს, თუმცა უმეტესად ეს კერძო სახლებია. როდესაც უძრავი ქონების ფართობი დიდია, ეს მის ფასზეც მოქმედებს და ასეთი საცხოვრებელი ბინა უფრო ძვირიც ღირს. მილიონიანი სახლები უმეტესწილად ძველ უბნებში იყიდება, მაგალითად, აბანოთუბანში არის ახალაშენებული სახლები, რომლებიც 1 მილიონი ღირს. ტრადიციულად სახლები ვაკეში ყველაზე ძვირი ღირდა, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ძველ უბნებზეა. საბურთალოზეც იყიდება კერძო სახლი, რომელიც 1 მილიონ ლარზე მეტი ღირს. საკმაოდ ძვირია სახლები დიღომში - საშუალოდ, 1-2 მილიონი ლარი. ახლაც, დიღომი-7-ში არის სახლი, რომელიც 2 მილიონ ლარად იყიდება. 2 მილიონზე მეტი ღირს სახლი, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, ასეთივე ფასად ყიდიან სამსართულიან, კეთილმოწყობილ სახლს ისანში, მეტროსთან ახლოს. ბაგებშიც იყიდება კერძო სახლი 1 მილიონ 600 ათას ლარად. ძველ უბნებში ასეთი სახლები კიდევ უფრო ძვირად ფასობს. როგორც წესი, ეს სახლები ძალიან კომფორტულია, მათ მფლობელებს ძვირადღირებული რემონტი აქვთ ჩატარებული, ეზოს ფართობიც დიდია, ზოგიერთ ძვირ სახლში არის შიდა და გარე აუზები, ევრორემონტი, კონდიცირების სისტემა და ყველანაირი კომფორტი, რაც 21-ე საუკუნეს შეეფერება”, -ამბობს ნიკა ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, თბილისის ახლოს აგარაკებიც საკმაოდ ძვირი ღირს.
„ამჟამად წყნეთში იყიდება სახლი, რომელიც 1 მილიონ 200 ათას ლარი ღირს. იქვე, წყნეთში არის დასახლება, რომელსაც „კაკლები“ ჰქვია, ამ დასახლებაში ყველა სახლი ძვირია. ეს არის 2-3-სართულიანი კომპლექსები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ასევე ძვირი ღირს კეთილმოწყობილი სახლები საგურამოში. სხვათა შორის, თბილისშიც შემოდის ტენდენცია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა: შეძლებული ხალხი ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ამჯობინებს ცხოვრებას. ბოლო ხანებში კიდევ ერთი ტენდენცია იკვეთება: ის უბნები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად მიიჩნეოდა, ახლა იმდენად პრესტიჟული აღარ არის: იქ იმდენი სახლი ააშენეს, რომ ლამის კორპუსი კორპუსზეა მიდგმული. ბუნებრივია, ასეთ ადგილებში საცხოვრებელი ბინების ფასმაც დაიკლო“, - აღნიშნავს ნიკა ჯაფარიძე.
უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი შოთა გუჯაბიძე კი აცხადებს, რომ ზოგჯერ ძვირად ღირებული სახლების ფასი არაადეკვატურია:
„ ჩვენს დედაქალაქში მართლაც არის ძალიან კარგი, კომფორტული სახლები მთაწმინდაზე, აბანოთუბანში, ვაკეში, და სხვა უბნებში, ძვირადღირებული სახლებია წყნეთშიც, მაგრამ ზოგჯერ მათი ფასი რეალობას ვერ ასახავს: ზოგიერთი მფლობელი აჭარბებს და თავის ქონებას ძალიან მაღალ ფასს ადებს. რეალურად, ეს ქონება შეიძლება არც ღირდეს ისე ძვირი, როგორც მეპატრონეს ჰგონია. მილიონად მე შევაფასებდი ძველ თბილისში არსებულ, კარგად შემონახულ შენობებს, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში წამოვიდა ტენდენცია, რომ ბოლო ორ-სამ სართულზე აკეთებენ დუპლექსებს, ტრიპლექსებს, სადაც სრული კომფორტია. ქალაქის ცენტრში, ბოლო სართულებზე არსებული პენტჰაუსებიც ძალიან პრესტიჟულია და ძვირი ღირს. თბილისში არის სახლები, რომლებიც ძვირფასი სამშენებლო მასალით არის აშენებული და გარემონტებული, ასეთ სახლებში რამდენიმე სველი წერტილი, აუზი და ჩოგბურთის კორტებიც კი აქვთ, მაგრამ მათი გაყიდვის მსურველი უფრო მეტია, ვიდრე - ყიდვის“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე.
მისი თქმით, მილიონიანი სახლები საქართველოს სხვა ქალაქებშიც არის.
„საკმაოდ ძვირი ღირს უძრავი ქონება ბათუმში, სადაც ბევრი ისტორიული შენობაა, ბოლო წლებში კი, რამდენიმე ძვირფასი პენტჰაუსიც ააშენეს. ეს ქონება რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. ძალიან კარგი ბინებია ამერიკულ დასახლებაში, წყნეთშიც არის რამდენიმე 3-4-სართულიანი სახლი, რომელიც მილიონებად არის შეფასებული, მაგრამ ასეთი სახლები საქართველოში ბევრი არ არის. ჩვენ არც გვყავს იმდენი მილიონერი, რომ ძვირადღირებული სახლები უპრობლემოდ გაიყიდოს. თანაც, ზოგიერთ მათგანს ურჩევნია საცხოვრებელი თავისი გემოვნების მიხედვით აიშენოს და სასურველი კომფორტი შეიქმნას. ასეა თუ ისე, მილიონიანი ბინის შეძენა საქართველოში ერთეულების პრივილეგიაა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
ხათუნა ჩიგოგიძე