ქონებრივ დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, როგორ შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ გასულ წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა 82 800 ლარი შეადგინა. აქვე ირკვევა, რომ დუშეთში მან გასულ წელს 10 ათას ლარად შეფასებული სახლი აიშენა.
2017 წლის 24 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, პრეზიდენტი ფლობს 4 462 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთში; ამავე მისამართზე მდებარე 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 120 კვ. მეტრის ბინას თბილისში; 40 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთში, რომელიც 2016 წელს 10 000 ლარად ააშენა.
რაც შეეხება მარგველაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ,,თი–ბი–სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე მას 3 546,67 ლარი ჰქონდა.
გიორგი მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე, მამა , დედა და შვილი. მამამისი ფლობს 165 კვ. მეტრი ფართობის ბინას. დედას, მზეანა გომელაურს კი დეკლარაციის შევსების მომენტში „ლიბერთი ბანკის“ ანაბარზე 1 360 ლარი; „თი–ბი–სი“ ბანკის სახელფასოზე 1 515 ლარი, ხოლო „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 1 265 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა წინა წლის განმავლობაში, რომელიც აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ლექტორობისთვის აქვს მიღებული 1 811,25 ლარი შეადგინა. ასევე, მას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იგივე საქმიანობისთვის დაერიცხა 2 487,50 ლარი, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას 8 930 ლარი.
რაც შეეხება პრეზიდენტის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, ის ფლობს 70 კვ. მეტრის ბინას თბილისში; მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში „ქართუ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 12 485 ლარი; 44,17 დოლარი და 454,26 ევრო ჰქონდა.
იხილეთ ასევე პრეზიდენტის გასულ წელს შევსებული დეკლარაცია