„ტავარი“ არის, კლიენტი - არა” – ყოფილი გარემოვაჭრეები ცარიელი ბაზრებიდან

გარემოვაჭრეები, რომელთაც დედაქალაქის ქუჩები ორიოდ თვის წინ დაატოვებინეს და სპეციალურ ადგილებში გადაიყვანეს, კლიენტების ნაკლებობას და შემოსავლის მკვეთრ შემცირებას უჩივიან.

ამბობენ, რომ მათთვის გამოყოფილ ადგილებში ხალხი არ მიდის, შესაბამისად, ვერაფერს ყიდიან. მეტიც, მათი თქმით, ზოგჯერ მთელი დღე ისე გადის, რომ ერთი ნივთის გაყიდვასაც კი ვერ ახერხებენ.

თითოეული მათგანი ამბობს, რომ ოჯახების რჩენის გარდა, არაერთი სესხის დაფარვის ვალდებულებაც აწევთ. უნდათ ძველ ადგილებს დაუბრუნდნენ, თუმცა პოლიციის ეშინიათ, რომელიც საქონლის ჩამრთმევითა და დაჯარიმებით ემუქრებათ.

მოგეხსენებათ, თბილისის თითქმის ყველა უბანში ხალხმრავალი ადგილები, განსაკუთრებით კი მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებიგარემოვაჭრეებით იყო სავსე. ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, დედაქალაქის ხელისუფლებამ ქუჩები მათგან საკმაოდ უხეში ფორმებით გაწმინდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გარემოვაჭრეები კვლავ ძველ ადგილებს დაუბრუნდნენ. მას შემდეგ ეს თემა აქტუალურობას არ კარგავდა. მოსახლეობის ნაწილი კვლავ მათ გაყვანას მოითხოვდა. განსაკუთრებით მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებნი, რომლებიც ანტისანიტარიასა და ხმაურს უჩიოდნენ.

საბოლოოდ, რამდენიმე თვის წინ, პროტესტის მიუხედავად, გარემოვაჭრეებს ქუჩების დატოვება კვლავ მოუწიათ. გამგეობებმა მათ თითოეულ უბანში სპეციალური ადგილები გამოუყვეს. ძირითადად იქვე მდებარე ბაზრებში.

bpn

Bpn-ი იმ გარემოვაჭრეებს ესაუბრა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას, წლების განმავლობაში, მეტრო „ახმეტელის თეტრის“ მიმდებარედ ახდენდნენ, ახლა კი საქმიანობას ბაზრის ტერიტორიაზე აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ადგილი ხალხმრავრობით ნამდვილად არ გამოირჩევა. მათგან უფრო თამამები რისკავენ და მეტროს მიმდებარედ მაინც დგებიან სავაჭროდ, თან პროდუქცია ხელში უჭირავთ და მზად არიან იმ შემთხვევისთვის, თუ გაქცევა მოუწევთ.

ინტერვიუზე თითქმის ყველა გვთანხდებოდა, თუმცა გვეუბნებოდნენ, რომ რაიმეს შეცვლის იმედი არ აქვთ, რადგან მათ „ადამიანებად არავინ თვლის“.

ნონა საროიანი: “რა თქმა უნდა არ ვართ კმაყოფილები. ხალხი საერთოდ არ არის, მუშაობა არ არის.სად წავიდეთ? ვსხედვართ ტყუილად. ჯერ გადასახადს არ გვახდევინებენ, მალე ამასაც მოგვთხოვენ და როგორ გადავიხდით იზამთ არ ვიცი. დღეში ალბათ 6 ლარი იქნება გადასახდელი, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან ბევრია.

მეტროსთან არ გვიშვებენ, თორემ ისევ სიამოვნებით ჩავიდოდით. პოლიცია გვეუბნება - საქონელს წაგართმევთო. იქ ხალხი დადის, აქ ამოსვლა ეზარებათ, კიბეებია და არ უნდათ. იქ ბევრად უკეთესი იყო, ვვაჭრობდით, შემოსავალი გქვონდა, ვალებს ვისტუმრებდით. აქ კი არაფერი გამოგვდის. აქ მარტო ვალებს ვიმატებთ. ისედაც “ვიხრჩობით“ ვალებში და არსებულს კიდევ ემატება. გუშინ ვერ შევიტანე ბანკში პროცენტი. მივედი და 5 სექტემბრამდე გადავატანინე, მაგრამ ხუთამდე საიდან მოვიტან არ ვიცი. თითქმის ყველა ბანკში ვალი მაქვს. ჩემი ახლობელის ბინა მაქვს ჩადებული და იმას ვიხდი, ჩემი უკვე დავკარგე. ყველა ასეა, ვისაც გინდა ჰკითხეთ. რა გითხრათ, ამ ცხოვრებაში კარგი არაფერია...“

ქალბატონი, რომელმაც სახელის და გვარის გამხელისაგან თავი შეიკავა, ფეხსაცმლით ვაჭრობს. გვითხრა, რომ 6-სულიან ოჯახში მხოლოდ ისაა შრომისუნარიანი - სამი მცირეწლოვან შვილს, ავადმყოფ მეუღლესა და მოხუც დედამთილს ინახავს. ამას ის ვალებიც ემატება, რომელსაც საქონლის შესაძენად პერიოდულად იღებს. ამბობს, რომ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი ვალების დასაფარადაც კი არ ჰყოფნის.

„სამი თვეა რაც აქ ვართ. ადრინდელთან შედარებით ჩვენი შემოსავალი ძალიან ცოტაა. იქ ხალხი დადიოდა და გზად ბევრ რამეს ყიდულობდა. აქ კი, თუ ძალიან არ უჭირთ, არ ამოდიან. იმ იმედით ვართ, რომ ხალხი ამოვა, თორემ არც ვიცი რა გვეშველება გადასახადის გადახდა რომ დაიწყება. ახლა სკოლა იწყება და იქნებ იყოს რამე...აბა სად წავიდეთ? ქვემოთ არ გვიშვებენ, თორემ ვის არ უნდა? აქ კი უკეთესი პირობებია - გადახურულია, მაგრამ ოღონდ გაგვიშვან და არაუშავს, წვიმაში და სიცხეში ქოლგით ვიჯდები,“ - გვითხრა მან.

bpn

გალია ჩერემუშინა:„თუ ასე გაგრძელდა, გადასახადის გადახდა რომ დაიწყება, აღარ ეღირება მუშაობა. ავდგები და წ

ავალ, ისევ ქუჩაში გავალ. პოლიცია გვიშლის, მაგრამ რა ვქნა, გავიქცევი ხოლმე. აბა რით გადავიხადო იმდენი ვალი რომ მაქვს. მარტო დიდი ბანკების ვალები კი არ გვაქვს, თვეში ერთხელ რომ ვიხდით, პატარა მიკროსაფინანსოებისაც, სადაც დღიური გადასახადი გვაქვს - 10-11 ლარი. ისესხებ 300 ლარს და ყოველ დღე 10-11 ლარს იხდი. ყველა ასე ვართ, არ გეგონოთ მარტო ჩემი პრობლემაა. კერძო პირების ვალებიც გვაქვს, პროცენტიანი.“

მისივე თქმით, კლიენტის სიმცირეს არა მხოლოდ მეტრო „ახმეტელთან“ მყოფი მოვაჭრეები უჩივიან, არამედ სხვა უბნებში მყოფებიც. ჩვენს კითხვაზე, ხომ არ გეგმავენ ამ ყველაფრის გაპროტესტებას, ქალბატონმა გალიამ ასე გვიპასუხა:

„პროტესტს და აქციას რა აზრი აქვს? ჩვენ ვინ გვისმენს? ჩვენ ხალხად არ გვთვლიან, ბოლო ფენა ვართ...“

იხილეთ ფოტოგალერეა

თაკო მათეშვილი