კახეთში რთველი მუშტარის გარეშე იწყება

რთველი კახეთში უკვე დაიწყო, თუმცა გლეხები მოსავლის მოკრეფას არ ჩქარობენ, რადგან ყურძნის გაყიდვას ვერ ახერხებენ.

ამავდროულად, შიშობენ, რომ ძლიერი გვალვა, რომელმაც მოსავალი ისედაც უკვე ძალიან დააზიანა, გაჭიანურებული რთველის გამო ყურძენს კიდევ უფრო გააფუჭებს.

როგორც bpn-თან სიღნაღის რაიონის მაცხოვრებლები ამბობენ, გასულ წლებში ამ დროს, მათ უკვე ჰყავდათ გარანტირებული მყიდველი, რომელსაც მოსავალი რთვლის დღესვე მიაქვს. მათი თქმით, წელს ყურძნის ყიდვის სურვილს არავინ გამოთქვამს. ფიქრობენ, რომ კლიენტი გვალვისაგან დაზიანებულმა მტევნებმა „დააფრთხო“.

„რთველი კარზე მოგვადგა და მყიდველი არავინაა. ამ დროს სოფლები სავსეა ხოლმე კლიენტებით, მოდიან და წინასწარ გვითანხმდებიან ფასზე, ყურძნის მოცულობაზე. გვალვამ მოსავალი ისე გაგვიფუჭა, რომ ვიღას ენდომება? თუ სახელმწიფოც არ ჩაიბარებს, სად წავიღო ამდენი ყურძენი? გვალვის გამო მარცვალი არ დამსხვილდა, თორემ ისე ბევრია. ჩვენ მხარეს სეტყვა არ ყოფილა. რომ დავწურო, ღვინოსაც არ ჰყავს კლიენტი,“ - ამბობს სიღნაღის რაიონში მცხოვრები ბესო მათეშვილი.

მოგეხსენებათ, ყურძნის სუბსიდირებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 2017 წლის რთველზე კახეთის რეგიონში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე 2 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.