ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და თურქული სამშენებლო კომპანიის (ერთობლივი საწარმო) POLAT YOL & MAPA-ის წარმომადგენელმა ემრე პოლატმა მოაწერეს ხელი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

„ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნული მონაკვეთი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.