განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.
ბიზნესოპერატორები, რომლებსაც სკოლის ბუფეტების ფართი იჯარით აქვთ აღებული, აღიშნულთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ზუსტად ისიც კი არ არის ცნობილი, თუ რა სახის პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება სკოლებში.
„გარკვეულ პროდუქტს თუ ამოვიღებთ რეალიზაციიდან, სხვა პროდუქტით ხომ უნდა შევცვალოთ, თუმცა, ისიც კი არ ვიცით ზუსტად რა პროდუქტების გაყიდვა იკრძალება. არ შეიძლება, რომ განსაზღვრონ და კონკრეტულად გვითხრან რა შეიძლება გავყიდოთ სკოლის ბუფეტებში და არა?,“-აცხადებდნენ ბიზნესოპერატორები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
თუმცა განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიმდინარე წლის 5 მაისის ბრძანებაში განსაზღვრულია, რა პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ბუფეტებში.
ბრძანების თანახმად, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება - საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.
ამასთან, ბრძანებაში ასევე აღნიშნულია ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება. ამ პროდუქტების ჩამანათვალი ასე გამოიყურება: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.
აღნიშნული ბრძანების პირობების შესრულების მონიტორინგს სკოლებში დირექციასთან ერთად განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულება მომენტალურად გაუქმდება.
თაია არდოტელი