საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივამ სკოლების ბუფეტებში გარკვეული პროდუქციის გაყიდვის აკრძალვასა და კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების თაობაზე, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ეს თემა სოციალურ ქსელებში განხილვისა და ხუმრობის საგანიც გახდა. თუმცა სკოლებში ბავშვების კვება სახუმარო არ არის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის, რომელთაც უკვე დიდი ხანია დაწესებული აქვთ ნორმები და შეზღუდვები იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება იყიდებოდეს არა მხოლოდ ბუფეტში, არამედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი.
ევროპასა და ამერიკაში მუდმივად ადგენენ ახალ წესებსა და სტანდარტებს, რაც სკოლების სასადილოებმა უნდა დააკმაყოფილონ. მაგალითად აშშ-ის სკოლების სასადილოებში ჰოთ-დოგების, ჰამბურგერების, გაზიანი და შაქრის შემცველი სასმელების გაყიდვა ჯერ კიდევ 2010 წელს აიკრძალა.
ინგლისში პეპსისა და კოკა-კოლას გაყიდვა, როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელების არათუ სკოლებში, არამედ სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსშიც კი იკრძალება.
რესტორნების ქსელმა Sweetgreen გადაწყვიტა კვლევა ჩაეტარებინა და ენახა, თუ რას ჭამენ ბავშვები სადილზე სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში. აღმოჩნდა, რომ მაგალითად საფრანგეთში მოსწავლეები ერთ ჯერზე მიირთმევენ საქონლის ხორცს, ბოსტნეულს (მწვანე ლობიო, სტაფილო), ყველსა და ხილს. ამერიკის შეერთებულ შტატებში - კარტოფილის პიურეს, ქათმის ჩხირებს, ბარდას, კომპოტსა და ორცხობილას.
ფინელი მოსწავლეების რაციონი შემდეგნაირად გამოიყურება - ბარდის წვნიანი, ბლინები ხილით, ჭარხალი, სტაფილო და პური. იტალიელების - თევზის ნაჭერი, მაკარონი პომიდვრის საწებლით, პური, სალათი და ხილი. საბერძნეთის სკოლებში მოსწავლეები ქათამს, მაკარონს, გატარებულ ბოსტნეულს, კიტრისა და პომიდვრის სალათს, იოგურტსა და ხილს მიირთმევენ.
საქართველოში კი, 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის რაციონი.
”სასკოლო კვების მიზანია ბავშვებს განუვითაროს ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევები და უზრუნველყოს ისინი საჭირო ენერგიის მარაგით. მნიშვნელოვანია, რომ საკვები იყოს გემრიელი და გამოიყურებოდეს მადის აღმძვრელად, ხოლო გარემო, სადაც ბავშვები ღებულობენ საკვებს - მოწესრიგებული, სუფთა და სასიამოვნო.
”ჯანსაღი კვება გულისხმობს არჩევანს ისეთი საკვების სასარგებლოდ, რომელიც აუმჯობესებს ან ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ჩვეულებრივ, იგი ითვალისწინებს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ყველა საკვები ნივთიერების მოხმარებას. ამასთან, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, წარმოდგენილი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, ფრინველის, საქონლისა და თევზის ხორცით. საჭმლის მოსამზადებლად სასურველია წინასწარ დაუმუშავებელი, ახალი სურსათის გამოყენება“, - ნათქვამია გაიდლაინში.
გაიდლაინის მიხედვით, სასკოლო კვების ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ძირითადი მიდგომები: ზოგიერთი პროდუქტის მიღება საჭიროა ყოველდღე (პური, რძე, ხორცი, ბოსტნეული, ხილი); ზოგიერთი პროდუქტის მიღება არ არის საჭირო ყოველდღე (არაჟანი, თევზი, ხაჭო); პირველ საუზმეზე უმჯობესია ბავშვმა მიიღოს ფაფეული, მაკარონი, მოხარშული კარტოფილი, კვერცხი, ყველი; სადილზე/ მე-2 საუზმეზე, ანუ ლანჩზე მიზანშეწონილია ხორციანი კერძებისა და თევზეულის მიღება; სამხარზე რეკომენდებულია ბოსტნეული, ფაფეული, რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი;
ასევე გაიდლაინში ნათქვამია, რომ სასკოლო მენიუში ყოველთვის უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით სხვადასხვა ჯანსაღი სასმელი და წყალი, რათა ბავშვმა დაიკმაყოფილოს წყურვილი, განსაკუთრებით სიცხეში და ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში.
თაკო მათეშვილი