შიდა გადაზიდვებში ჩართული მძღოლები ვალდებულნი იქნებიან მუშაობისა და დასვენების რეჟიმი დაიცვან

2019 წლის სექტემბრიდან შიდა გადაზიდვებში ჩართული მძღოლების მუშაობისა და დასვენების რეჟიმი გაკონტროლდება.

აღნიშნულს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი დირექტივა გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დირექტივა საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების გასაკონტოლებლად საქართველოში უკვე მოქმედებს.

კერძოდ, დირექტივა ადგენს მძღოლების მუშაობისა და დასვენების ხანგრძლივობას. მუშაობის საათებს რაც შეეხება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ყოველდღიური ხანგრძლივობა ცხრა საათს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაზიდვებში ჩართული ავტოტრანსპორტის მართვის ყოველდღიური 9-საათიანი ხანგრძლივობა არა უმეტეს კვირაში ორჯერ შესაძლოა მაქსიმუმ 10 საათამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება, მართვის საერთო ჯამურ ხანგრძლივობას კვირის განმავლობაში, ის 56 საათს, ხოლო ორი კვირის განმავლობაში 90 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, ევროდირექტივის თანახმად, ავტოტრანსპორტის 4,5-საათის განმავლობაში მართვის შემდეგ, თუ დასვენების პერიოდი არ დგება, სავალდებულოა, მძღოლმა არანაკლებ 45 წუთი შეისვენოს.

ევროდირექტივა განსაზღვრავს ასევე მძღოლების დასვენების ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც მძღოლს შეუძლია თავისუფლად განკარგოს საკუთარი დრო.

მძღოლების დასვენების ყოველდღიური პერიოდი, დასვენების ნორმალურ და შემცირებულ ყოველდღიურ პერიოდს მოიცავს. დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი გულისხმობს არანაკლებ 11 საათით დასვენებას. 11-საათიანი პერიოდი შეიძლება დაიყოს ორ პერიოდად, რომელთაგან პირველი უნდა წარმოადგენდეს უწყვეტ პერიოდს არანაკლებ 3 საათის ხანგრძლივობით და მეორე - უწყვეტ პერიოდს არანაკლებ 9 საათის ხანგრძლივობით. ხოლო დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი მოიცავს დასვენებას 9-11 საათის განმავლობაში.

რაც შეეხება დასვენების ყოველკვირეულ პერიოდს, ისიც ნორმალურ და შემცირებულ ყოველკვირეულ პერიოდს მოიცავს. კერძოდ, ნორმალური ყოველკვირეული პერიოდი გულისხმობს კვირის განმავლობაში მძღოლის დასვენებას არანაკლებ 45 საათით; ხოლო დასვენების შემცირებული ყოველკვირეული პერიოდი არანაკლებ 45 საათს, რომელიც შესაძლოა მინიმუმ 24 თანამიმდევრულ საათამდე შემცირდეს.

მძღოლის მიერ შრომისა და დასვენების რეჟიმი სპეციალური მოწყობილობის - ტაქოგრაფის მეშვეობით კონტროლდება. აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზის არსებული მონაცემით, ტაქოგრაფი უკვე აქვს 1 000-ზე მეტ მძღოლსა და 100-მდე კომპანიის თანამშრომელს.