ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა

ქუთაისში მასშტაბური სოციალური პროექტის კომისიამ მუშაობა დაასრულა. სექტემბრის ბოლოს მინიმუმ 250 უსახლკარო ადამიანს ქუთაისში თავშესაფარი ექნება. თავშესაფარი მუნიციპალურია.

საცხოვრისში უპირობოდ შესახლდება 30-მდე მიუსაფარი, ჭერის არმქონე ადამიანი. ასევე განიხილება დამატებით ასობით ადამიანის დაკმაყოფილების თემაც, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდნენ. საბოლოო ჯამში სოციალური საცხოვრისით ქუთაისში რეგისტრირებული მინიმუმ 250 ადამიანი დაკმაყოფილდება, რაც დაახლოებით 80 ოჯახს შეადგენს.

,,კომისიამ დაასრულა მუშაობა. პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 განცხადება დარეგისტრირდა. სამუშაო იყო ძალიან შრომატევადი. შეფასების შედეგად შემუშავდა საბოლოო თემა. კომისიამ გადაწყვიტა, რომ საცხოვრისში უპირობოდ შესახლდება 30 ადამიანი, რომლებიც მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირები არიან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან, რომ დამატებით იყოს შეძენილი ფართები, რათა საერთო ჯამში მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს რეგისტრირებული განცხადებები", - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რაც 2 500 000 ლარი დაჯდა. ბენეფიციარები საცხოვრისში 5-წლიანი სარგებლობის უფლებით სექტემბრის ბოლომდე შესახლდებიან.