10 რჩევა, როგორ დაზოგოთ საწვავის ხარჯი

საწვავის ფასი ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრი ავტომფლობელის ჯიბეზე უარყოფითად აისახება.

ბუნებრივია, ყველას სურს ხარჯის შემცირება. გამოცდილი მძღოლები ამას მეტნკლებად ახერხებენ, გამოუცდელები კი - იშვიათად.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც საწვავის ხარჯის შემცირებაში დაგეხმარება.

რჩევებს სწორედ გამოცდილი მძღოლები გვიზიარებენ:

1. ავტომობილი მუდამ გამართული უნდა იყოს

როდესაც ავტომობილის აგრეგატი და ყველა კვანძი გამართულად მუშაობს, ავტომობილი მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი მექანიზმების კონტროლი მუდმივად საჭიროა. კერძოდ:

► პერიოდულად უნდა შემოწმდეს ჰაერის და საწვავის ფილტრები. მათი დაბინძურება საწვავის ხარჯს დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის.

► ძრავისთვის მხოლოდ ის ზეთები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც მისთვისაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი დაახლოებით 2 პროცენტით შეიძლება შეამციროთ.

► საბურავებში ოპტიმალური წნევა შეინარჩუნეთ. თუ წნევა დაეცა, საწვავის ხარჯის ზრდასთან ერთად, საბურავის მუშაობის რესურსიც შემცირდება. ამიტომ, საბურავებში წნევა თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. ასე საწვავის ხარჯის დაახლოებით 3 პროცენტით შემცირებას მიაღწევთ.

► დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს კიდევ უფრო ამცირებს საწვავის ხარჯს.

2. ავტომობილი ტვირთით ზედმეტად არ დაამძიმოთ

ავტომობილის წონის ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის ხარჯზე. რაც უფრო მსუბუქია ავტომობილი, მის აჩქარებას მით ნაკლები ენერგია და შესაბამისად, საწვავი სჭირდება. ამიტომ ზედმეტი, უსარგებლო საგნები ხარჯს მხოლოდ გაზრდის. ცნობისათვის, 100 კილოგრამი ზედმეტი წონა, საწვავის ხარჯს (100 კილომეტრზე) 0.4 ლიტრით ზრდის.

► გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება. ზოგიერთი მძღოლი, საწვავის ეკონომიის მიზნით, სათადარიგო საბურავს და შესაბამის აღჭურვილობასაც სახლში ტოვებს.

3. მართეთ რბილად

მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 პროცენტით გაზრდის, ქალაქში კი - 40 პროცენტით!

► ამიტომ კარგი იქნება, თუ უხეშად მართვაზე უარს იტყვით და მშვიდ, რბილ მართვას მიეჩვევით! სხვა თუ არაფერი, ამით გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებთ.

4. დაიცავით დისტანცია!

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება.

5. გააკონტროლეთ სიჩქარე

საშუალო სიჩქარით გადაადგილება საწვავის დაზოგვის უებარი საშუალებაა. წონის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქმეში ფიზიკის კანონი ერთვება: სიჩქარის ზრდის კვალობაზე, პირდაპირპროპორციულად იზრდება შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა.

► უმეტეს ავტომობილებზე, ხარჯი 80 კმ/სთ სიჩქარეზე მაღლა იზრდება. კერძოდ, 96 კმ/სთ სიჩქარისას, ხარჯი 14 პროცენტით მეტია. ამიტომ, მგზავრობისას, ოპტიმალური სიჩქარის შენარჩუნებით, ხარჯის საშუალოდ 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

6. ნაკლებად ისარგებლეთ კონდიციონერით

სიცხეში ძრავა უფრო ეკონომიურად მუშაობს - ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებისთვის ნაკლები დრო სჭირდება. თანაც, თბილი ჰაერი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ თუ კონდიციონერს ჩართავთ, საწვავის ხარჯი შესაძლოა 25 პროცენტითაც კი გაიზარდოს. ამიტომ:

► დაბალ სიჩქარეზე ფანჯრების გაღება სჯობს, მაღალ სიჩქარეზე კი მაინც კონდიციონერი უკეთესი ვარიანტია, რადგან მაღალ სიჩქარეზე, ღია ფანჯარა ჰაერისადმი წინააღმდეგობას ზრდის, რაც ასევე იწვევს მეტი საწვავის ხარჯვას.

► კონდიციონერი მას შემდეგ ჩართეთ, რაც მანქანა დაიძვრება. გაჩერებულზე ღია ფანჯრებით გაგრილება ამჯობინეთ.

7. ძრავის გახურებას ზედმეტი დრო არ დაუთმოთ

ცივ ამინდში ხარჯი მეტია - მინუს 25 გრადუსზე საწვავის ხარჯი დაახლოებით 12 პროცენტით იზრდება, მოკლე მანძილზე გადაადგილებებისას კი, ხარჯის ზრდა 22 პროცენტსაც კი აღწევს. თანამედროვე ავტომობილები, დაქოქვიდან დაახლოებით ერთ წუთში დაძვრის საშუალებას იძლევიან. თუ მაგალითად 3.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის ”გახურებას” 10 წუთს დაუთმობთ, დაახლოებით 0.2 ლიტრ საწვავს ქარს გაატანთ...

► თუმცა ბოლო დროს გაჩენილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადგილზე გახურება ძრავას ვნებს, მითია! გახურება ძრავისთვის ნამდვილად კარგია, უბრალოდ, ადგილზე გახურება აღარ არის აუცილებელი. სანამ ძრავა არ გათბება, მოერიდეთ მის მაღალ ბრუნებზე მუშაობას!

► მარტივად რომ ვთქვათ, მანქანა თამამად შეგიძლიათ დაძრათ ძრავის ამუშავებიდან 1 წუთში, მაგრამ ნუ ამუშავებთ მაღალ ბრუნებზე მანამ, სანამ ოპტიმალური ტემპერატურა არ დაფიქსირდება.

8. როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი მამები და ბაბუები დაღმართზე ძრავებს აქრობდნენ და ამას საწვავის ეკონომიის მიზნით აკეთებდნენ. თანამედროვე ავტომობილის შემთხვევაში ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

► საწვავის დაზოგვის მიზნით დღეს ძრავის გამორთვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ვდგავართ (მაგალითად, მძიმე საცობში) და ზუსტად ვიცით, რომ მინიმუმ 2 წუთი მაინც მოგვიწევს დგომა. თუ დგომის დრო 1 წუთზე ნაკლებია, ძრავის გამორთვას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს.

9. შუქნიშანთან მიახლოვებისას...

როცა წინ შუქნიშანზე წითელი ანთია, შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ გონივრული დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ ჯერ დამუხრუჭება და მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს რბილად ააჩქარებთ.

10. გადართეთ დროულად და მოერიდეთ მაღალ ბრუნებს!

თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ დაგეზარებათ გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს.

► ეს ეხება როგორც მექანიკას, ისე ავტომატიკასაც: არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით! მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000-ს იშვიათად ან საერთოდ არ ასცდეს. თუ გსურთ, რომ თქვენმა მანქანამ მაქსიმალურად ნაკლები საწვავი მოიხმაროს, გამორიცხეთ ძრავის მაღალ ბრუნებზე მუშაობა.

დასკვნა

ვისაც საწვავის ხარჯის შემცირება უნდა, ავტომობილი მშვიდად და გაწონასწორებულად უნდა მართოს. ცხადია, რთულია იმის აღიარება, რომ ავტომობილის ტარებისას ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სამარცხვინო: ჩვენ ხომ ტარება გვასწავლეს და არა საწვავის დაზოგვა - შესაბამისად, ვმართავთ ისე, როგორც გვინდა და როგორც მოგვიხერხდება. ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.

წყარო: autobild.ge