მეტროს ვაგონებში შიდა დაკვირვების კამერები დამონტაჟდა

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.

როგორც თბილისის მერია იუწყება, 2017 წელს კომპანია მგზავრებს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება „სატრანსპორტო კომპანიის“ მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა.

მერიის ცნობით, მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის პირველი მატარებელი, რომელსაც სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მატარებელი ახალი მერტოსადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში.

„დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება, საიდანაც 4 უკვე მზად არის და სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.