რბოლა „მარშრუტკებით“ - მიკროავტობუსის მძღოლები ფიქსირებულ ხელფასს ითხოვენ

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა, მიკროავტობუსებში კონდინციონერების ჩართვის საკითხი, მაღალი ტემპერატურის გამო აქტუალობას არ კარგავს.

მგზავრები ისევ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მძღოლები ამტკიცებენ, რომ კონდინციონერები გაფუჭებულია, კომპანია კი მათ ნათქვამს ტყუილს უწოდებს.

„არ მუშაობს, თუ გცხელათ შემდეგს დაელოდეთ, იქნებ მასთან მუშაობდეს“ - ასე უპასუხა მგზავრის თხოვნას კონდინციონერის ჩართვის თაობაზე #30 მიკროავტობუსის მძღოლმა და იქვე დაამატა, რომ დიდი ალაბთობით სიგრილე არც შემდეგ მიკროავტობუსში იქნებოდა და არც იმის შემდეგში. „ჩვენს ხაზზე მარტო ერთ მანქანას უმუშავებს, დანარჩენში გაფუჭებულია,“ - დასძინა მძღოლმა.

მისივე თქმით, კომპანია მხოლოდ სპეციალურ სითხეს - ფრეონს ასხამს დაზიანებულ კონდინციონერებში, რომელიც ერთ დღეში იღვრება და ხელახლა ჩასასხმელი ხდება.

„მე თვითონ საკუთარი ხარჯებით გავაკეთებინე ხელოსანს კონდინციონერი, მაგრამ ახალია ეს სისტემა და არც არიან აქ მაგისი ხელოსნები. ამიტომ ისევ გაფუჭდა. კომპანია კი მოდის და ამ გატეხილ კონდინციონერში ფრეონს ასხამს. სამჯერ ჩამისხეს უკვე და ერთ დღეც ვერ ძლებს, რა აზრი აქვს კიდევ ჩასხმას? კომპანია ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ არსად მუშაობს,“ - აღნიშნა მძღოლმა და დასძინა, რომ მისთვის უცნობი მიზეზების გამო კომპანია მძღოლებს არც ლუქის გახსნის უფლებას აძლევს.

თავის მხრივ, „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლის ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს. მათი თქმით, კომპანია ყოველ ზაფხულს 200 000 ლარამდე ხარჯავს კონდინცირების სისტემის შესაკეთებლად მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი მათ ამას არ ავალდებულებს. „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მიქიაშვილის თქმით, კონტრაქტის მიხედვით, არა მხოლოდ კონდინციონერის, არამედ ნებისმიერი სხვა ტექნიკური პრობლემის მოგვარების პასუხისმგებლობა მძღოლებს ეკისრებათ.

„ტყუილია ის, თითქოს მხოლოდ ფრეონს ვუსხამთ. ასევე ისიც, თითქოს კონდინცირების ხელოსანი საქართველოში არ მოიძებნება. მიუხედავად ამისა, რომ კომპანია ფარავს იმ საწვავის მომატებულ ხარჯსაც კი, რასაც კონდინციონერის ჩართვა იწვევს, მძღოლების ნაწილი მაინც ცდილობს მომხმარებელი სიცრუეში შეიყვანოს.

„თბილისში 1 800 მიკროავტობუსია. შესაძლოა რამდენიმე მათგანს მართლაც ჰქონდეს ტექნიკური პრობლემა, მაგრამ როგორც კი ეს ფიქსირდება, მიკროავტობუსი ხაზიდან გადის და შესაკეთებლად მიდის. მგზავრებს, ვისაც ეს პრობლემა ექმნება, ვთხოვთ დარეკონ კომპანიაში. რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ დარჩება“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ მიქიაშვილმა.

მოგეხსენებათ, სამარშუტო ტაქსების მძღოლებს კომპანიაში ყოველდღიური გადასახადი შეაქვთ და მათი ანაზღაურება ისაა, რაც ამ გადასახადის მიღმა დარჩება. მძღოლები, რომლებიც“ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრენ და რომელთაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს, ამტკიცებენ, რომ დღიური გადასახადის გადახდა მათ იმ შემთხვევაშიც უწევთ, თუ მიკროავტობუსი სამუშაო დღის დასაწყისშივე გაფუჭდება.

„პირველი მგზავრი რომ მიადებს ბარათს გადასახდელად და დაფიქსირდება გადახდა, ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ მე ფარეხიდან გამოვედი და მუშაობა დავიწყე. ანუ, გადასახადი ყველა ვარიანტში უნდა გადავიხადო. ხალხს ჰგონია ბევრი გვრჩება, არადა ტყუილია. ყველას გვირჩევნია დაქირავებული მძღოლები ვიყოთ - ფიქსირებული ანაზღაურება გვქონდეს და მიკროავტობუსებს კომპანია უვლიდეს, როგორც ეს ავტობუსების შემთხვევაშია. 800 ლარზეც თანახმა ვარ. დღეში 14-16 საათი ვმუშაობ და თვეში ამაზე მეტი მაინც არ მრჩება. ფიქსირებული ხელფასი რომ იყოს, აღარც ერთმანეთს გავეკიდებით, მგზავრის წართმევას არ დავიწყებთ და ამდენი ავარიაც აღარ მოხდება,“ - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

„თბილისის მიკროავტობუსში“ კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ინფორმაციაც მტკნარი სიცრუეა. ნათია მიქიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს ავტომობილი უფუჭდება და სრული დღის განმავლობაში ვერ ახერხებს მუშაობას, ის გადასახადისაგან თავისუფლდება.

რაც შეეხება ფიქსირებულ ანაზღაურებას, იგი ამტკიცებს, რომ მძღოლების დიდი უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ვინაიდან არსებული წესის მიხედვით, მათი თვიური შემოსავალი 800 ლარზე ბევრად მაღალია.

თაკო მათეშვილი