ბორჯომის ხანძრის გამო ბორჯომის გამგეობის 11 მოხელე 10 150 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებს, მეხანძრეები კი ჯერ ისევ პრემიის გარეშე არიან

აგვისტოში ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი ფულად ჯილდოს მიიღებენ.

ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის 7 სექტემბრის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.

„მეხანძრეები ცეცხლს აქრობდნენ და ყიფიანი პრემიას ინიშნავდა სტიქიის გამო. სასწრაფოდ მოითხოვეთ, ბორჯომის მეხანძრეებსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები მოუმატონ“, - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

დოკუმენტის თანახმად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის გამგეობის 11 მოხელეზე პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, „ბიზნესპრესნიუსი“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს არის შიდა ბრძანება, რომლის მისაღებად მისი საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვაა საჭირო. რის შემდეგაც, ბრძანებას კანონის შესაბამისად 10 დღის ვადაში მივიღებდით.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში, 3 322 მეხანძრე-მაშველი იყო დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება თბილისში 930 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო რეგიონებში 630 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შეადგენს.

bpn bpn