საგანგებო სიტუაციების სამსახური - მეხანძრე-მაშველებს პრემია ჯერ არ მიუღიათ

ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებისთვის პრემიების გადაცემის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალების შესახებ კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

„მეხანძრე-მაშველებს პრემია ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება დეტალებს თუ რამდენი მეხანძრე-მაშველი, რა რაოდენობის პრემიას ან რა ფორმით მიიღებს, ძალიან ცოტა ხანში გახდება ცნობილი“, - გვითხრეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ, ოფიციალური კომენტარი სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

ბორჯომის სტიქიის დროს ჩართული პირებისთვის პრემიების დარიგების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

"მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტოს. ვინც იყო ამ სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა 31 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე.