სამაგიდო თამაშების შეტანა 500-მდე სკოლაში მოხდება

სამაგიდო თამაშები საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლის ყველა დაწყებით კლასში (1-დან მე-4 ის ჩათვლით) დარიგდება. საუბარია, ძირითადად მცირეკონტიგენტიან სკოლებზე.

ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამაგიდო თამაშების შესასყიდად სამინისტრომ სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელთა დასრულების ვადად 4 სექტემბერია მითითებული. სამივე ტენდერი 2 000 - 2 000 -2 000 თამაშის შესყიდვას გულისხმობს, რაც სამინისტროს ჯამში 89 780 ლარი დაუჯდება.

აგვისტოში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებისთვის სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებოდათ.

საუბარია დაწყებით კლასებში, სწავლებაში სამაგიდო თამაშების გამოყენებაზე, როგორიცაა ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები და ა.შ.

იხილეთ ასევე: რა ტიპის თამაშები დახვდებათ მოსწავლეებს სკოლებში და რა დაუჯდება სამინისტროს მათი შეძენა?