მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იუწყება.

როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სახის სამშენებლო სამუშოები დასრულებულია და 20 სექტემბრამდე სადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამ მიზნით ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ.

ფონდის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმის შემდეგ ახალი მეტროსადგურის “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” გადაცემის პროცედურები დაიწყება. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

ფონდში აცხადებენ, რომ მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის.