მთავრობის დადგენილებით, ენერგეტიკის სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ განკარგულებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილებების თანახმად, უწყების ცენტრალურ აპარატში სულ შტატით გათვალისწინებული 106 თანამშრომელია. რაც შეეხება ხელფასებს, უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე მიმდინარე წელს ჯამში, 2 005 00 ლარია გათვალისწინებული.
დადგენილების მიხედვით, მინისტრის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 3 540 ლარია; მინისტრის პირველი მოადგილის 2 950, ხოლო მინისტრის მოადგილეების 2 720 ლარი.
განსხვავებულია მინისტრის მრჩევლების ანაზღაურება. კერძოდ, მათი თანამდებობრივი სარგო თვეში 1 770 და 1 540 ლარია.
2 010 ლარი აქვს მინისტრის აპარატის უფროსს; 1 070 ლარი - მინისტრის რეფერენტს; განსხვავებულია მინისტრის თანაშემწეების სარგოებიც და ორ მათგანს 1 070 ლარი, ხოლო ერთს 830 ლარი აქვს.
განსხვავდება პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობრივი სარგოებიც და მათი ოდენობა შემდეგნაირია: 1070; 1420; 1540; 1660 და 1770 ლარი.
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სარგო თვეში 1 070 და 950 ლარს შეადგენს, ხოლო მესამე კატეგორიის სპეციალისტების - 710 და 590 ლარია.