„ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უნდობლობას უცხადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს უნდობლობას უცხადებს.

ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს უსმენენ.

"ჩვენ დღეს ვიხილავთ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიშს და ბუნებრივია, რომ ეს ანგარიში ეყრდნობა სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს მიერ. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ წარმოდგენილ მასალებს. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ეჭვი იმის თაობაზე, რომ ხდება საბიუჯეტო ინფორმაციით მანიპულირება. მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს აქ წარმოდგენილი რამდენიმე მონაცემის დაზუსტების მიზნით. ჩვენ არ მიგვიღია პასუხი, რითაც ირღვევა კანონი. ნაცვლად იმისა, რომ ათი დღის ვადაში ფინანსთა სამინისტროს გაეცა პასუხი, გასულია 37 დღე პირველი წერილის გაგზავნის დღიდან. მეორე წერილის შემთხვევაში კანონზე გადამეტებულია 18 სამუშაო დღე. ჩვენ გაძლევთ ვადას სამშაბათამდე. თუ სამშაბათამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია არ იქნება ჩვენთვის მოწოდებული, ოთხშაბათს, პარლამენტის სხდომაზე დაისმება ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენ მივმართავთ კანონით დადგენილ ყველა ზომას",- მიმართა გოცირიძემ კაკაურიძეს.