აშშ-ში მარაგების ზრდამ ნავთობის ფასის კლება გამოიწვია

შეერთებული შტატების ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მიერ გამოქვეყნებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ნავთობის მარაგი ისევ იზრდება, ნავთობზე ფასის შემცირება მოჰყვა.

ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 39 ცენტით, 48.63 დოლარამდე შემცირდა, ბრენტის მარკის ფასმა კი 11 ცენტით, 54.38 დოლარამდე დაიკლო. EIA-ს ინფორმაციით, გასულ კვირაში ქვეყანაში ნავთობის მარაგი 5.88 მილიონი ბარელით გაიზარდა. პროგნოზი კი მხოლოდ 3.2 მილიონი ბარელით ზრდას ვარაუდობდა.

იმავე EIA-ს ანგარიშის შესაბამისად, ბენზინის მარაგი 8.42 მილიონი ბარელით შემცირდა, როცა მოლოდინი მხოლოდ 2.05 მილიონი ბარელით შემცირება იყო. სხვა ნავთობპროდუქტების მარაგი 3.21 მილიონი ბარელით შემცირდა.

უფრო ადრე, ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა (API) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის შესაბამისადაც, ქვეყანაში ნავთობის მარაგი ბოლო კვირაში 6.2 მილიონი ბარელით არის გაზრდილი. ეს ქარიშხალ ჰარვის შემდეგ, ზედიზედ მეორე კვირაა, როცა აშშ-ში ნავთობის მარაგი იზრდება. არადა, ქარშხლის გამო, მექსიკის ყურეში არაერთი ამერიკული ნავთობსაბადო და გადასამუშავებელი საწარმო დაიხურა.

პარალელურად, OPEC-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარტელის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვება შემცირდა, რაც მარტის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ამას ნავთობზე ფასის ოდნავ გაზრდა მოჰყვა, მაგრამ შემდეგ ეს ზრდა ამერიკული ინფორმაციის გამოსვლამ დააბალანსა.

OPEC-ის ინფორმაციით, აგვისტოში მისი წევრი ქვეყნების დღიური მოპოვება 79 000 ბარელით, 32.76 მილიონ ბარელამდე შემცირდა. კლება ძირითადად ლიბიაში, გაბონში, ვენესუელასა და ერაყში მოპოვების შემცირებამ გამოიწვია. პარალელურად, OPEC-მა მცირედით გაზარდა 2017 და 2018 წლებში ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი. კარტელში გამოითვალეს, რომ დღიური მოხმარება ამ წლის ბოლოს 96.77 მილიონ ბარელამდე, მომავალი წლის ბოლოს კი 98.12 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.