გაიზრდება თუ არა წყლის გადასახადი?

საქართველოში წყლის ტარიფი მაღალია, განცხადებას ამის შესახებ სპეციალისტები აკეთებენ.

2018 წლის იანვრიდან კი სავარაუდოდ სამ ქალაქში წყლის ახალი სატარიფო განაკვეთი იმოქმედებს. სამმა კომპანიამ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, „მცხეთის წყალმა“ და „რუსთავის წყალმა“ ახალი ტარიფის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადები უკვე შეიტანეს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ სატარიფო მეთოდოლოგიის 29-ე მუხლის მიხედვით, ყველა კომუნალური მომსახურების კომპანია, მათ შორის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვალდებულია, ტარიფის გაანგარიშებისთვის აუცილებელი მონაცემები სემეკში ყოველწლიურად წარადგინოს. „ტარიფის გაანგარიშება ყოველწლიურად წარმოადგენს კანონით დადგენილ ვალდებულებას. კომპანიამ სემეკის მოთხოვნის მიხედვით წარადგინა ფინანსური, ტექნიკური და საინვესტიციო ინფორმაცია, რის მიხედვითაც სემეკი მოახდენს ტარიფის გაანგარიშებას. სემეკმა წარმოებაში მიიღო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატარიფო განაცხადი და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ტარიფის გაანგარიშების ვალდებულება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სემეკს“, - ამბობენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ - საქართველოს თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ წყლის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს, რადგან მოსახლეობას ეს მძიმე ტვირთად დააწვება. „ჩვენთან წყლის ტარიფი რომ მაღალია, განსაკუთრებით კომერციული სტრუქტურებისთვის ეს ვიცით. კომერციულ ობიექტებს თუ წყლის ტარიფი გაეზრდებათ, რა თქმა უნდა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციაც გაძვირდება. მე ვსვამ კითხვას, მოსახლეობა მზად არის ამ ყველაფრისთვის? მით უფრო, რომ კორპუსებში, სადაც ძირითადად მრიცხველებია დაყენებული, წყლის დანაკარგი ძალიან მაღალია. ამ მოცემულობაში კი მოქალაქეებმა გაზრდილი ტარიფი რომ გადაიხადონ, სამართლიანი არ იქნება. მე არ მინახავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ანგარიში, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მან აღმოფხვრა ეს დანაკარგები. ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს სერიოზული მონიტორინგი შემოსული წყლის, დანახარჯების და იმის შესახებ თუ რა ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ. დღეს არ არსებობს უწყება, რომელსაც შეუძლია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ამ სახის შემოწმება აწარმოოს. ტარიფის გაზრდა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ ჩატარებული სერიოზული მონიტორინგის შედეგები“,- გვითხრა ნინო ჩხობაძემ.

ტექნიკური წყალი, რომელიც სარწყავად, შადრევნებისთვის და ა.შ. გამოიყენება, თბილისში არ გვაქვს. ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ თუ წყლის ტარიფი გაიზრდება, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სარწყავ სისტემას. „ჩვენ არ გვაქვს ტექნიკური წყალი და შესაბამისად თბილისში სასმელ წყალს იყენებენ როგორც ტექნიკურ წყალს. როგორც კი ფასი მოიმატებს, ჩათვალეთ, რომ საკმაოდ გაგვიჭირდება ნარგავების მორწყვა, რომლებიც ახლა ხარობს მოლოდ იმიტომ, რომ ირწყვება“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ზაფხულის განმავლობაში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დედაქალაქში არაერთი პროექტი განახორციელა, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ უბნებში წყალმომარაგების ქსელი გამართულად იმუშავებს, თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვნად გაუარესდა მომსახურება. „მთელი ზაფხულის პერიოდში ერთის მხრივ, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია ჩადო და მართლაც შეუდარებელი პროექტები განახორციელა. მეორე მხრივ, ძალიან ცუდი მომსახურება გვქონდა, რეაბილიტაციის დაწყების პროცესში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სამუშაოები გონივრულად არ ჰქონდა დაგეგმილი, იყო წყალმომარაგების შეფერხება და ბევრმა მომხმარებელმა ეს საკუთარ თავზე იწვნია“, - გვითხრა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოებში ინვესტიციების ჩადების შემდეგ, საზოგადოებაში და ექსპერტთა წრეში არის მოლოდინი, რომ წყლის ტარიფი 2018 წლის იანვრიდან გაძვირდება, თუმცა ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი ნაადრევია. „მე, როგორც ენერგეტიკის სფეროში მომუშავე და აღნიშნულ საკითხში ჩახედული ადამიანი, ვფიქრობ, რომ ახლა, სატარიფო განაცხადის წარმოდგენის ეტაპზე, მაშინ როცა ჯერ მარეგულირებელ კომისიას არ აქვს შესწავლილი ეს საკითხი, აბსოლუტურად უადგილო და ნაადრევია საუბარი იმის შესახებ, რომ წყლის ტარიფი გაიზრდება. ტარიფის დათვლის პროცესში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე რა დასკვნამდე მივა კომისია და ამ დოკუმენტების მიხედვით იქნება თუ არა ტარიფის გაზრდის საფუძველი, ჯერ არავინ ვიცით. არ მაქვს დოკუმენტი, რომელიც რაიმეს თქმის საფუძველს მომცემს. შესაბამისად, ტარიფის გაზრდის, ან კლების მოლოდინი არ მაქვს“, - ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

წყალზე დღეს არსებულ ტარიფს რაც შეეხება, ენერგოომბუდსმენის თქმით, გასულ წელს, როცა წყლის ტარიფი დადგინდა, ის ზუსტი დაანგარიშების შედეგად განისაზღვრა და ამ პროცესში სამართლებრივი პროცედურები არ დარღვეულა.

გაიზრდება თუ არა წყლის სატარიფო განაკვეთი, ამის თაობაზე რა თქმა უნდა, სემეკ-ში წინასწარ არ საუბრობენ. სატარიფო განცხადების განსახილველად სემეკ-ს ვადა 2017 წლის ბოლომდე აქვს. 31 დეკემბერს ცნობილი გახდება, მოიმატებს თუ არა წყლის ტარიფი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. ახალი ტარიფი, რომელსაც სემეკი 31 დეკემბერს დაადგენს, 3 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

სოფო ჩიხლაძე