საქართველოში შესაძლოა დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტი გაიხსნას

საქართველოში შესაძლოა ცნობილი ამერიკელი კონორეჟისორის, დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტი გაიხსნას.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშისა და კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელის გიგა აგლაძისა და მისი გუნდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მარიამ ჯაშის განცხადებით, შეხვედრაზე 18-21 ნოემბერს დევიდ ლინჩის ვიზიტის დაგეგმარების თაობაზე ისაუბრეს. მისი თქმით, საქმე ეხება მაღალი დონის შეხვედრების გამართვას, სადაც განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

„პირველი ინიციატივა ეხება დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას საქართველოში, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს უნიკალურ საშუალებას, რომ თავად განავითაროს კინემატოგრაფიის კუთხით საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ამ კუთხით, რეგიონის მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც ლიდერი ქვეყანა. ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს. დაბოლოს, საუბარია ფართომასშტაბიან სოციალურ პროექტზე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებზე,“-აღნიშნა ჯაშმა.

ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება. ფონდის ხელმძღვანელის გიგა აგლაძის განცხადებით, ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იგეგმება დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება. კინემატოგრაფიის ენაზე რომ ვთქვათ, ასეთი ახლო ურთიერთობა ჰოლივუდთან და დიდ რეჟისორებთან ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან დევიდ ლინჩის ფონდი 250 ცნობილ სახეს აერთიანებს, მათ შორისაა მარტინ სკორსეზე და ა.შ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება. ამ ფონდის გახსნით საქართველოში და კავკასიაში, ჩვენ არა თუ უკვე მივუახლოვდით ამ ადამიანებს, პირიქით საქართველოში ველოდებით მათ. სულ მალე საქართველოში ჰოლივუდის ყველა ის ვარსკვლავი ჩამოვა, რომელთა ნახვაც აქამდე მხოლოდ კინოეკრანზე შეგვეძლო“, - განაცხადა აგლაძემ.