2017 წლის ეროვნული გამოცდები დამთავრდა. ზოგიერთმა აბიტურიენტმა კი გამოცდები განსაკუთრებით წარმატებით ჩააბარა და სახელმწიფოსგან სრული დაფინანსებაც მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ პროფესიას ირჩევენ საქართველოში მაღალქულიანი აბიტურიენტები და რა პრიორიტეტით აირჩიეს უნივერსიტეტი.
მარიამ არუსტაშვილმა „კომაროვის“ სკოლა დაამთავრა, რომელიც ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაღრმავებაზეა ორიენტირებული. მარიამმა არჩევანი ფიზიკის ფაკულტეტზე გააკეთა, მომავალი ფიზიკოსი უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით მოხვდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, უნივერსიტეტში მოსახვედრად რეპეტიტორებთან არ უვლია.
„კომაროვის სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტშიც სკოლის ცოდნით მოვხვდი, რეპეტიტორებთან არ მივლია, მხოლოდ ინგლისურში მოვემზადე. ზოგად უნარებში 79 ქულა ავიღე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 80, მათემატიკაში - 56 და ინგლისურში - 87. არჩევანი "თავისუფალ უნივერსიტეტის" ფიზიკის ფაკულტეტზე შევაჩერე.
ვფიქრობ, ბაკალავრიატს საქართველოში დავამთავრებ, თუმცა მაგისტრატურის გაგრძელება აუცილებლად საზღვარგარეთ მინდა," - განაცხადა არუსტაშვილმა.
ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ნიკოლოზ ღამბაშიძეა, რომელიც „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლაში მოხვდა. როგორც ღამბაშიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის აბიტურიენტობა რთული და დამღლელი პროცესი არ ყოფილა.
„ქართულ ენაში - 71 ქულა, ზოგად უნარებში - 79, ინგლისურში - 88, გეოგრაფიაში კი 49 ქულა ავიღე და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლაში ჩავირიცხე. ვფიქრობ, დღესდღეობით სწავლების დონით ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. აბიტურიენტობა ისეთი რთული და დაძაბული არ ყოფილა, როგორც ამბობდნენ. უნარები და ინგლისური სკოლის ცოდნით ჩავაბარე, გეოგრაფიაში კი მოვემზადე“, - განაცხადა ღამბაშიძემ.
ანა ბერიძე ბათუმიდანაა და წელს სწავლას მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.
„ზოგად უნარებში - 79, ქართულში - 73, ინგლისური - 87, ხოლო ისტორიაში კი 66 ქულა ავიღე. ჩავირიცხე „თავისუფალ უნივერსიტეტის“ მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე.
ეს უნივერსიტეტი იმიტომ ვარჩიე, რადგან ვიცნობდი ლექტორებს, სწავლის ფორმატს, ვიცოდი სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რომელიც აქტიური და დატვირთულია და გარდა ამისა, აქ მესამე - მეოთხე კურსზე სტუდენტებს დასაქმების დიდი პერსპექტივა აქვთ.
გარდა ამისა, სწავლების ფორმატი აქ ევროპულია და ამას ისიც დაემატა, რომ ჩემ მიერ არჩეული ფაკულტეტი სხვა უნივერსიტეტში ფიზიკურად არ იყო,“ - განაცხადა ბერიძემ.
ლიკა ამირაშვილი