უკანონოდ მოჭრილი ხეების გამო წელს გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ წელს 2,615,475 ლარი შეადგინა.

როგორც სატყეო სააგენტოში განაცხადეს, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რეგიონული სატყეო სამსახურებისა და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევის 2474 ფაქტი, მათ შორის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - 1797 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის - 677 ფაქტი, რომელიც გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

მათივე ინფორმაციით, უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ შეადგინა 18,619,49 მ3; უკანონოდ მოპოვებული რესურსის რაოდენობამ ძირობრივად შეადგინა - 35,741 ძირი; გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 2,615,475 ლარი, მათ შორის - ადმინისტრაციულ სამარალდარღვევის საქმეებზე - 261,950 ლარი, სისხლის სამართლის საქმეებზე - 2,353,525 ლარი.

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 14 სექტემბრამდე გამოვლინდა: უკანონო ტყითსარგებლობის 1 103 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 844 ფაქტი, სულ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ კი 9780,97მ3 შეადგინა.