კვიპროსის ხელისუფლებამ მოქალაქეობის ”ოქროს ვიზის” სქემით გაყიდვის ხარჯზე, 4 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, 2013 წლიდან კვიპროსის ხელისუფლებამ მოქალაქეობის ”ოქროს ვიზის” სქემით გაყიდვის ხარჯზე 4 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ სქემით კვიპროსის მოქალაქეობა რუსმა ოლიგარქებმა და კორუფციაში ბრალდებულმა უკრაინული ელიტის წარმომადგენლებმაც მიიღეს, ასევე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. მხოლოდ 2016 წელს კვიპროსის ხელისუფლებამ ”ოქროს ვიზით” 400 პასპორტი გასცა.

2013 წლიდან კვიპროსის მოქალაქე შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც უძრავ ქონებაში 3 მილიონ ევროს ინვესტიციას განახორციელებს ან 2,5 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იყიდის. ამ შემთხვევაში მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი ენის ცოდნაზე ტესტების ჩაბარებისა და კუნძულზე მუდმივი ცხოვრების ვალდებულებებისგან თავისუფლდება. კანონის მიხედვით, საკმარისია ის ქვეყანაში 7 წელიწადში ერთხელ ჩავიდეს.

გამოცემა რამდენიმე ასეთ ადამიანს ასახელებს. მაგალითად, 2010 წელს კვიპროსის მოქალაქეობა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბიძაშვილმა, რამი მახლუფმა მიიღო, რომლის მიმართაც აშშ-მა 2008 წელს სანქციები შემოიღო. 2011 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება ევროკავშირმაც მიიღო და მახლუფს კვიპროსის მოქალაქეობა ჩამოერთვა.