რა ღირს სიბერე საქართველოში?

გოგონა გვარად ხუნჯუკაშვილია. 67 წლის. უკვე მეშვიდე წელია, ყოველი თვის 14 რიცხვში პენსიას იღებს.

პანკრეასი, ნაღველა, წნევა - განვლილმა რთულმა ცხოვრებამ, ჯანმრთელობაზე თავისი კვალი დატოვა. ამიტომ პენსიის ძირითად ნაწილი, სწორედ წამლების ყიდვას ხმარდება.

”წამლებს ფასდაკლებებზე ვყიდულობ. მიუხედავად ამისა, მაინც ძვირი მიჯდება. ვცდილობ თანხა შეძლებისდაგვარად სწორად გადავანაწილო, რომ საკუთრი ოცნების ახდენაც შევძლო”

ახალგაზრდობიდან გოგონას ერთი ოცნება ჰქონდა. მის ასასრულებლად დრო კი, არასდროს. გათხოვებიდან 2 წელში, მეუღლეს დაშორდა. შვილის გაზრდა მარტოს, სხვისი დახმარების გარეშე მოუწია. უარი, არცერთ სამსახურზე უთქვამს. დღე ქარხანაში ხარატად მუშაობდა, საღამოს სხვის სარეცხს აუთოებდა და სახლებს ალაგებდა.

”ჩემი გოგო, ციცო მარტომ გავზარდე. არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი, არაფერი მეზარებოდა. შვილს კარგი განათლება მივეცი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგ გზაზე დამეყენებინა”- ამბობს გოგონა.

ციცომ საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და საცხოვრებლად იქ დარჩა. დედას, ჯერ ვერ ეხმარება. თუმცა, იმის ცოდნა, რომ შვილი კარგად არის, გოგონასთვის ნებისმიერ მატერიალურ დახმარებაზე ძვირფასია.

წლების შემდეგ, გოგონამ საკუთარი ოცნების ასრულება დაიწყო. საქართველოს 75 პროცენტი უკვე მოინახულა. წინ დარჩენილი 25 -ია და რომი, რომლის სანახავად საჭირო თანხას საგულდაგულოდ აგროვებს.

”ყოველთვე, პენსიიდან 20-30 ლარს ვიღებ და ამ თანხით, საქართველოს რომელიმე ერთ ადგილს ვნახულობ. ტურები ძვირი არ ჯდება. როგორც პენსიონერს შეღავათსაც მიკეთებენ და 15-20 პროცენტიანი ფასდაკლებით ვმოგზაურობ. ერთი ასეთი გასვლა, სიცოცხლეს ერთი წლით მიახალგაზრდავებს. უფრო მეტი, რომ მქონდეს, უფრო ხშირად ვივლიდი. ისე არ მოვკვდები, რომი არ ვნახო. თანხას ნელ-ნელა ვაგროვებ და დადგება ის დღეც, როცა ამდენი წლის ოცნებას ავისრულებ.”

წამლები და მოგზაურობა - ასე ნაწილდება გოგონას ყოველთვიური 180 ლარი. პენსია საკვებსა და კომუნალურ გადასახადებს ვერ წვდება. ამიტომ, მარტო დარჩენილი პენსიონერი ბინაში ერთ ოთახს აქირავებს.

”ჩემთან ერთად ერთი გოგო ცხოვრობს. საკვებისთვის თვეში ასი ლარი მაინც მჭირდება. რასაც მაძლევს ასე ხელმოკლედ, კომუნალურსა და საკვებს შორის ვანაწილებ”.

გოგონას დილა 7 საათზე, ვარჯიშით იწყება. პენსიონერისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა, მთელი ცხოვრების ოცნების ასასრულებლად ყველაზე მნიშვნელოვანია.

ელზა სეხნიაშვილი, 76 წლის. თბილისი

უკვე 41 წელია, ორთაჭალის მეორე ჩიხში ცხოვრობს. ერთი ოთახი, რომელიც მეუღლესთან ერთად იყიდა, წლების განმავლობაში ორ სართულიან სახლად აქცია.

”მე და ჩემმა მეუღლემ ცხოვრება შრომაში და სიყვარულში გავატარეთ. ეს იყო სიხარულში, ბედნიერებაში გატარებული წლები”- ამბობს ელზა ბებო და ხახვის ჭრას აგრძელებს.

თუმცა, ოჯახი სიყვარულით არ შეუქმნია. 19 წლის იყო, როცა მომავალმა დედამთილმა შემთხვევით ქუჩაში თვალი მოკრა და მოეწონა. მოეწონა მომავალ მამამთილსაც და მისი ხელი 10 ჯერ ითხოვა. ”ძალაობით გაკეთდა ეს ამბავი” - ღიმილით იხსენებს ბებო. მეუღლე იმ საღამოს ნახა, როცა თითზე ბეჭედი გაუკეთეს. ქორწილი რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

”არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ლიმონა, ჩემი მეუღლე. სიყვარული მალევე მოვიდა და იყო დიდი ურთიერთპატივისცემა. ძალიან კარგი მშობლები ყავდა. დედამთილისგან ერთი წყენაც არ მახსოვს. მამამთილს კი, საკუთარ გოგონებზე მეტად ვუყვარდი”.

ლიმონა, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. მისი დაკარგვა ელზამ რთულად გადაიტანა. სიბერეც უფრო მარტივად შეეპარა და გულის ტკივილიც დაჩემდა. პენსიის ნაწილს წამლებს, დარჩენილს კი, კომუნალურ გადასახადებს ახმარს. მასთან ერთად სახლში ოჯახის კიდევ 4 წევრი ცხოვრობს.

”5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. პენსია უფრო მაღალი, რომ მქონდეს ყველას დახმარებას და გახარებას შევძლებდი.” დანანებით ამბობს ელზა ბებო და გაზქურიდან სიმინიდის ქვაბს გვერდზე მდგომ მაგიდაზე დგამს.

”მართალია პენსია მცირეა, მაგრამ ფული არასდროს გეყოფა , ფულს შენ უნდა ეყო”- მიტრიალდება და მარიგებს ელზა. ”ფული შეიძლება უბრალო რამეში, უაზროდ შემოგეხარჯოს. ყოველთვის ვცდილობდი გამოზოგილად დამეხარჯა. მთელი ცხოვრება არავისთვის არაფერი მომიკლია, მაგრამ ყველაფერი გაწერილი და ნორმის ფარგლებში მქონდა”. - მეუბნება და თეფშზე დადებულ მარილმოყრილ ცხელ სიმინდს მაწვდის. 

იხილეთ სპეც-პროექტის სრული ვერსია: PALITRAVIDEO-ზე