ვანო მთვრალაშვილი - საწვავის ფასები ყველა კომპანიაში საშუალოდ 8-10 თეთრით გაიზარდა

ბოლო პერიოდში ყველა კომპანიაში საწვავის ფასმა საშუალოდ 8-10 თეთრით მოიმატა , - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საწვავზე ფასი მოემატა ყველა კომპანიაში, თითქმის ყველა საწვავზე.

”ფასის მატება შეეხო აბსოლუტურად ყველა კომპანიას, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო, ნაკლებად ცნობილი, ბრენდირებული თუ არა. აბსოლუტურად ყველა ოპერატორს მოუწია ბოლო პერიოდში ფასების მატება. ძირითადში ფასების მატების ტენდენცია დაიწყო 20 აგვისტოდან და მიმდინარე პერიოდამდე გაგრძელდა. ფასები საშუალოდ 8-10 თეთრით არის მომატებული. მანამდე სადღაც 5 თვის განმავლობში ფასები ძირითადად იკლებდა”, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

მთვრალაშვილი საწვავზე ფასების მატებას ორ ძირითად ფაქტორს უკავშირებს - ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების გაზრდას და საქართველოში ლარის კურსის ვარდნას დოლართან მიმართებაში.

როგორც მთვრალაშვილი განმარტავს, აღნიშნული ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების მატებაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლარის გამყარების შემთხვევაში დაიწევს თუ არა საწვავზე ფასები, მთვრალაშვილმა განმარტა, რომ ლარის გამყარებამ შესაძლოა ვითარება დააბალანსოს.

”შესაძლოა ეროვნული ვალუტის გამყარებამ ვითარება დააბალანსოს იმ კუთხით, რომ ფასების შემდგომი მატება არ დაფიქსირდეს და ეს ტენდენცია არ გაგრძელდეს. ლარი ამ კუთხით საკმაოდ პოზიტიურ როლს ასრულებს. როცა საერთაშორისო ფასები იზრდება, მაგრამ ლარი მყარდება, ის სიტუაციას აბალანსებს. იმედს ვიტოვებთ ლარი გამყარებას დაიწყებს და ეს ყველა შემთხვევაში პოზიტიურად იმოქმედებს საწვავის ფასზე”, - განაცხადა მთვრალაშვილმა.