პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, უძრავი ქონება არასრულად აქვს დეკლარირებული.
აღსანიშნავია, რომ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, წილოსანი მილიონერ დეპუტატთა რიგებშია და მისი ქონება 2 მილიონ ლარად არის შეფასებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი. მიმდინარე წლის 6 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 124,70 კვადრატული მეტრის; 224,70 კვ. მეტრის; 131,60 კვ. მეტრის; 72,40 კვ. მეტრი ფართობისა და 59 კვ. მეტრის, ჯამში 5 ბინას თბილისში; 94,55 კვ. მეტრის ბინას მცხეთაში; 60 კვ. მეტრი ფართობის ბინას წყნეთში; 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში, რომლის 33%-ია მის საკუთრებაში; 82,90 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომლის 27,63%-იანი წილი ეკუთვნის; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში; 1 175 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი BMW X 5.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1 418,69 ლარი; „საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 3 347,90 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 17 000 ლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 13 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს „მკურნალი 2002“; შპს „ქონსელერ პრივატი“; შპს „აიპროფიტი“; შპს „ტრიდე ჯგუფი“; შპს „ჯი თრეველი“; შპს „ენ-დუო-კონცეპტ“; შპს „აითრეველი“; შპს „ლეგიონი“; შპს „ბინ თრეიდინგ“; შპს „რეტრო 77“; შპს „აგროპროდუქტი“; S.R.O Almitrans (ჩეხეთი) და U.S TRADING (აშშ). ამათგან, დეპუტატმა გასულ წელს მხოლოდ 3 კომპანიის საქმიანობის შედეგად მიიღო შემოსავალი.
კერძოდ, შპს „მკურნალი 2002-ის“ საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა - 36 ათასი ლარი; შპს „ქონსელერ პრივატის“ საქმიანობით - 5 789 ლარი; ხოლო შპს „აიპროფიტის“ საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა - 100 848 ლარი შეადგინა.
წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში პარლამენტის წევრის პოსტზე ნინო წილოსანმა 3 699 ლარის შემოსავალი მიიღო; ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსის პოსტზე - 22 297,72 ლარი; „მკურნალი 2002-ის“ ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე - 33 000 ლარი; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტზე კი - 8 900 ლარი აქვს მიღებული.
როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, ფართის იჯარით გაცემის შედეგად დეპუტატის შემოსავალმა 1 500 დოლარი შეადგინა; ფართის იჯარის აღებაზე შემოსავლის სახით გასულ წელს 34 703 ლარი; ფართის იჯარით გაცემაზე - 3 110 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს მირებული; ხოლო იპოთეკური სესხის შედეგად მისმა გასავალმა 18 662 დოლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პარლამენტის წევრის გასავალმა ქველმოქმედებაზე - 14 326 ლარი; ხოლო საკუთარი სწავლის გადასახადზე - 22 000 ლარი და 10 000 დოლარი შეადგინა.
ნინო წილოსანს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. დეკლარაციის მიხედვით, მეუღლე ვლადიმერ აბულაძე ფლობს 1 242 აქციას; არის 4 კომპანიის - შპს „ვაგონტესტის“; შპს „შულავერის“, რომლის დირექტორის პოსტსაც იკავებს; შპს „ბილდინკოს“; U.S TRADING-ისა და S.R.O Almitrans-ის პარტნიორი; ასევე შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; შპს „ნათ ექსპორტის“ დირექტორი და სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ ფინანსური დირექტორი. ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტზე მისმა შემოსავალმა 6 112,50 ლარი შეადგინა.