გედევან ფოფხაძე - მე მაქვს ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია - თუკი მართლა გამიჩნდება ქონება, უარზე არ ვარ

მე მაქვს ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსებისას ხაზებს ვავლებ ხოლმე , - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით არადეკლარირებულ აქტივებს ფლობს.

”არსად არანაირი კერძო საკუთრება არ მიფიქსირდება, არ ვფლობ ავტომობილს, არა მაქვს არანაირი ანაბარი და დანაზოგი. ხანდახან შეიძლება ხელფასიდან გადადებული 5 000 ან 6 000 ლარი შემიგროვდეს, რომელიც მალევე ქრება. არც სამეწარმეო საქმიანობა გამაჩნია, არანაირ კომერციულ სტრუქტურაში წილი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რას ეფუძნება ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაცია. თუკი რაიმეს იპოვიან და მართლა გამიჩნდება ქონება, უარზე არ ვარ”, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.