დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე - ბევრი ქონება მაქვს და ყველაფერი, რაც მაქვს, დეკლარაციაში წერია

მე მაქვს როგორც საწარმოები, ასევე უძრავი ქონება - ბევრი ქონება მაქვს და ყველაფერი, რაც მაქვს, დეკლარაციაში წერია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ განუცხადა, რომელიც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც სამეწარმეო საქმიანობიდან სოლიდური შემოსავალი მიიღეს.

გრიგოლ მიქელაძე განმარტავს, რომ მისი საქმიანობა და შემოსავლები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

”სამეწარმეო საქმიანობას 90-იანი წლებიდან ვეწევი, როდესაც ქვეყანაში ძალიან რთული პირობები იყო. მაქვს როგორც საწარმოები, ასევე უძრავი ქონება. ქონება გაქირავებული მაქვს. ჩემზე ირიცხება უძრავი კაპიტალი. მე მას არ ვმართავ, მაგრამ შემომდის თანხები. დივიდენდის აღების უფლება მაქვს და ეს არავის შეუზღუდავს. დეპუტატს აქვს უფლება მიიღოს დივიდენდი”, - განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ მიქელაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში.